”ცენტრ პოინტი” სამშენებლო პროცესის განახლებას გეგმავს

41 მიწის ნაკვეთის ღირებულება, რასაც ყადაღა უნდა მოეხსნას, არა მხოლოდ ყოფნის დაზარალებულების დაკმაყოფილებას, არამედ ბევრად მეტია , - ამის შესახებ ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლების - მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაზარალებულთა რაოდენობის თაობაზე ზუსტი მონაცემები არც კომპანიას და არც პროკურატურას გააჩნია, თუმცა სავარაუდოდ, მათი რიცხვი 4 წლის განმავლობაში 6 ათასიდან 3 ათასამდე შემცირდა.

”2013 წელს იყო 6 ათასი, მას შემდეგ დაახლოებით 2 ათასი მარტო ინვესტორმა გადაიბარა. თვითონ ”ცენტრ პოინტმაც” დააკმაყოფილა არაერთი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაზარალებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, განახევრებულია. შესაბამისად, 41 მიწის ნაკვეთი, რასაც ყადაღა უნდა მოეხსნას, არა მხოლოდ ყოფნის მათ დაკმაყოფილებას, არამედ ბევრად მეტია - არც დასჭირდება ყველა ქონების მოხმარება დაზარალებულების დაკმაყოფილებას. ახლა, მაგალითად, არის ერთი ინვესტორი, რომელზეც ერთ მიწის ნაკვეთს ვასხვისებთ და იხდის ძალიან სერიოზულ თანხას, რომლითაც მოხდება დაზარალებულთა ნაწილის დაკმაყოფილება. გვაქვს ათამდე ობიექტი, რომელიც აშენებულია, მაგრამ დამამთავრებელი სამუშაოებია გასაკეთებელი და ამ თანხით დასრულდება ეს ობიექტები. ასევე არის ერთი ინვესტორი, რომელსაც უნდა ხოშარაულის ქუჩაზე შესვლა, თუმცა სამართლებრივი პროცესის გამო, ის მიწის ნაკვეთი ყადაღის ქვეშაა, რაც ხელს უშლის ინვესტორის შემოსვლას”, - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

ადვოკატის თქმით, როგორც კი 41 ქონებისთვის ყადაღის მოხსნის გადაწყვეტილება ძალაში შევა, „ცენტრ პოინტი“ სამშენებლო პროცესს გააგრძელებს და დასასრულებელ ობიექტებს ბოლომდე მიიყვანს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის გამოტანილი გაგამტყუნებელი განაჩენის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაყადაღებულ ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა. ყადაღის მოხსნის გადაწყვეტილება ძალაში 1-ელ მაისს შევა, იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლოს განაჩენს მხარეები სააპელაციო წესით არ გაასაჩივრებენ.