საჰაერო ტაქსით გადაადგილება ყველაზე მოთხოვნადი შიდა მიმართულებებიდან ბათუმშია, ხოლო სხვა ქვეყნებიდან - ერევანში.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ავიატორის“ დირექტორის მოადგილე გიორგი მოლოდინაშვილმა განუცხადა.
„შიდა მიმართულებებიდან ყველაზე მოთხოვნადი - ბათუმი, ხოლო რეგიონში - ერევანია. ფრენებზე მოთხოვნა საკმაოდ არის და ფრენების ინტენსივობაც იზრდება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „საჰაერო ტაქსებზე“ ყველაზე მეტი მოთხოვნა ქართველების მხრიდან არის. რაც შეეხება ფასს, 1 საათი მგზავრობის ღირებულება 1 500 დოლარიდან იწყება,“- აღნიშნავს მოლოდინაშვილი.
„საჰაერო ტაქსით” ადგილობრივ და საერთაშორისო ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია „ავიატორი“ ახორციელებს. კომპანიამ კომერციული ფრენები გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო.
გიორგი მოლოდინაშვილის განცხადებით, ფრენები ხორციელდება როგორც შიდა აეროპორტებში ბათუმის, ქუთაისის, მესტიის, ამბროლაურის, თელავის მიმართულებით, ისე საზღვარგარეთ. ავიატორის საჰაერო ტაქსით ფრენები - ბაქოს, ერევნის, ისრაელის, ირანისა და თურქეთის მიმართულებითაც ხორციელდება.
ფრენები უახლესი ამერიკული წარმოების “Beechcraft” KingAir C90GTX ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება, რომელიც 5 ადამიანზეა გათვლილი.
კომპანია „ავიატორი“ „აჭარა ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. „აჭარა ჯგუფის“ მფლობელობაში და მართვაშია სასტუმროები - Rooms Hotel Tbilisi , Rooms Hotel Kazbegi Holiday Inn Tbilisi და ჰოსტელი Fabrika.