ბევრი სასმელი, აზარტული თამაშები და სტრიპტიზი - ეს ვეგასია.
ქალაქში მდებარეობს მსოფლიოს 20 უდიდესი სასტუმროდან 13, ცნობილი რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, თეატრები და ღამის კლუბები. და რაც მთავარია, ამბობენ, რაც ხდება ვეგასში, ის რჩება ვეგასში. სწორედ ამიტომ ეს არის მილიონერების ნომერ პირველი საყვარელი ქალაქი.
კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მილიონერები საყვარელ ადგილებს ირჩევენ, საქართველოშიც იხვეწება და ვითარდება. ქვეყნის პოტენციალის სათანადოდ ათვისების მოკლე პერიოდში საქართველო შეიძლება მილიონერი ტურისტების საყვარელ ადგილად იქცეს.
აქ არის განსაკუთრებული გეოგრაფიული მრავალფეროვნება, მთა და ზღვა მინიმალურ მანძილზეა დაშორებული, საკმაოდ ბევრი კაზინოა, იზრდება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების რაოდენობა, სამზარეულო განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩევა, მოქმედებს ვერტმფრენით გადაყვანის სერვისი, ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის გოლფის მოედანი, ღვინის სამშობლოდ აღიარებულ ქვეყანაში ღვინის განსაკუთრებული სპა პროცედურების მიღებაცაა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზეზების გამო, საქართველო რუსი თუ სხვა ქვეყნების მილიონერების ახალი საყვარელი ტურისტული ადგილია.
საქართველოში 19 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა. პარალელურად, გვხვდება უნიკალურ კონცეფციის სასტუმროები, რომლებიც 5 ვარსკვლავიანი არაა, თუმცა განსაკუთრებული დიზაინისა თუ შეთავაზებების გამო მილიონერების საყვარელი ლოკაციაა. 5-ვარსკვლავიანი სასტუროებიდან 9 ბათუმში მდებარეობს, 5 - თბილისში, 2 - ბორჯომში, 2 - ქობულეთში და 1 - სიღნაღში.
Tbilisi Marriott ყველაზე ძველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა თბილისში. ყველაზე ბოლოს კი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ჯგუფს ქალაქის ყველაზე მაღალი და განსაკუთრებული ნაგებობა სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi შეემატა. აქვე მდებარეობს Radisson Blu Iveria, Ambassadori Tbilisi Hotel და Hotels & Preference Hualing Tbilisi.
5 ვარსკვლავიანი სასტუმროების განსაკუთრებული სიმრავლით აჭარა გამოირჩევა, რომელსაც მილიონერი ტურისტებისთვის ნამდვილად ბევრი უნიკალური შეთავაზების გაკეთება შეუძლია. ბათუმში მდებარეობს Wyndham Batumi, Radisson Blu Hotel Batumi, Sheraton Batumi Hotel, Hilton Batumi, Leogrand Hotel & Casino Batumi, Hotel Intourist Palace, Divan Suites Batumi, Colosseum Marina Hotel, Euphoria Batumi Hotel. ქობულეთში კი კიდევ ორი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. ესენია Kobuleti Georgia Palace Hotel & Spa და Castello Mare Hotel&Wellness Resort.
საქართველოს ტურისტული პოტენციალი მხოლოდ თბილისითა და აჭარით არ შემოიფარგლება. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც მდებარეობს აქტიური ტურისტული ზონები, რომლებიც განსაკუთრებული ლანდშაფტით, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებით, კაზინოებით იქცევს ყურადღებას. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია ყაზბეგს და სასტუმრო ”რუმსს”, რომელიც 5-ვარსკვლავიანი არაა, მაგრამ მისი განსაკუთრებული მდებარეობა, ორიგინალური და დახვეწილი ინტერიერი ნამდვილად იქცევს ფუფუნების მოყვარულთა ყურადღებას. აქვეა კაზინოც, რომელსაც ასევე გამორჩეული ინტერიერი აქვს და მილიონერების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
რეგიონებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კახეთს. აქ რამდენიმე განსაკუთრებული შეთავაზების მქონე სასტუმრო მდებარეობს. სიღნაღში არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Kabadoni Boutique Hotel. პარალელურად, განსაკუთრებული სტუმრების განსაკუთრებით საყვარელი ადგილია SCHUCHMANN WINES CHÂTEAU, რომელიც სტუმრებს ღვინის სპასა და ღვინის თერაპიას სთავაზობს. სპა პროცედურებისთვის ნატურალური პროდუქტები - ღვინო და ყურძნის წიპწიპით დამზადებული ზეთები გამოიყენება. აქ ინტერიერიც განსაკუთრებულია, სპას აბაზანებს ღვინის კასრის ფორმა აქვს.
კახეთის გამორჩეული პუნქტია Ambassadori Kachreti Golf Resort, სადაც ამიერკავკასიის ერთ-ერთი საუკეთესო გოლფის მოედანი მდებარეობს. გოლფი კი მილიონერების ერთ-ერთი საყვარელი სპორტია. კაჭრეთის გოლფის მოედანი მსოფლიო სტანდარტების დონისაა და აქვე არიან გამოცდილი ტრენერებიც, რომლებიც გოლფის მოყვარულებს თამაშში ეხმარებიან.
მილიონერები ჯანმრთელობას განსაკუთრებულ ყურადღებას რომ აქცევენ, ცნობილი ფაქტია. ამიტომ საქართველოს განსაკუთრებულ შეთავაზებებს შორის ადგილი უკავია ბორჯომსაც, რომელიც მსოფლიო დონის გამაჯანსაღებელი კურორტია. მის განსაკუთრებულობას ხელს უწყობს ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროც, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ესენია Crowne Plaza Borjomi დაRixos Borjomi.
გემრიელი კერძები კიდევ ერთი მიზეზია, რაც მილიონერებს სხვადასხვა ტურისტულ ზონაში და მათ შორის, საქართველოში იზიდავთ. ქართული სამზარეულო ბევრი უნიკალური რეცეპტით გამოირჩევა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მილიონერი ტურისტებისთვის ქართული კერძები საკმაოდ მძიმეა და უპირატესობას ქართულ-ევროპული სამზარეულოს ნაზავს ანიჭებენ. ისინი ხშირად სტუმრობენ რესტორნებს, რომლებიც მათსავე სასტუმროში მდებარეობს.
მილიონერებისთვის განსაკუთრებული ფუფუნებაა საჰაერო ტაქსებით მომსახურება. საქართველოში ამას დიდი ყურადღება ექცევა, რადგან ეს არაა ქვეყანა, სადაც მხოლოდ ერთი ქალაქი უნდა ნახო. საქართველოში ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილება მილიონერ სტუმრებს უახლესი ამერიკული წარმოების Beechcraft KingAir C90GTX ტიპის საჰაერო ხომალდით შეუძლიათ, რომელიც აღჭურვილია 5 ადამიანზე გათვლილი ბიზნეს კლასის ინტერიერით და უახლესი სისტემებით.
აჭარაში იახტით გასეირნებაც შესაძლებელია. თუმცა ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება არ არსებობს და მხოლოდ სტანდარტული იახტით გასეირნებაა შესაძლებელი. მაგალითად, იახტა ”იბერია”, რომელიც საქართველოშივეა აშენებული. მსგავის იახტით გასიერნება დედაქალაქში თბილისის ზღვაზეცაა შესაძლებელი.
მილიონერებს ძალიან უყვართ ცხენები. საქართველოში არსებობს რამდენიმე საჯინიბო, თუმცა, როგორც გაირკვა, აქ არ ჰყავთ ისეთი ცხენები, რომლებიც მილიონერების დაიტერესებას შეძლებენ.
იხილეთ ვიდეო PALITRAVIDEO-ზე