თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს , რომელიც ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.
ალიანსის წევრების განცხადებით, ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსორობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი იმედოვნებს, რომ პარლამენტი თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლას არ დაექვემდებარება, კანონპროექტს მოწინააღმდეგეები არ ეყოლება და პირველი მოსმენით მიიღებენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნო უზრუნველყოფს საკანონმდებლო პროცესის ტექნიკურ დახმარებას.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თამბაქოს მოხმარება შენობებში 2018 წლის მაისიდან აიკრძალება, ხოლო 2020 წლიდან, აკრძალვა სტადიონებს, მსგავს ღია სივრცეებსა და სარეკლამო ბაზარსაც შეეხება. როგორც აკაკი ზოიძემ განმარტა, შენობაში თამბაქოს მოხმარების ფაქტის დაფიქსირებისას, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარის ოდენობის თანხით, განმეორების შემთხვევაში 2 000, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 000 ლარით დაჯარიმდება.