გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს , კერძოდ, საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდდნენ, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, პროდუქტები ნორმების ყოველგვარი დარღვევით ინახებოდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის ერთი ნაწილიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები დღეს გაიტანეს. ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა. უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.
„დედაქალაქის მთავრობისა და ბაზრობების ასოციაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბაზრობების ხელმძღვანელობა მოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს და პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეწარმეები, პირველი 6 თვე, საიჯარო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან. მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.