ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქართველი მეწარმეები უკრაინის ბაზარს არ დაკარგავენ

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ქართველი მეწარმეები უკრაინის ბაზარს არ დაკარგავენ.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, უკრაინას დახმარება გამოუყოს; ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც, რათა უკრაინამ კრიზისული პერიოდი მარტივად გადაიტანოს.

ამიტომ, ხადურს მიაჩნია, რომ უკრაინის ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყება. მისი თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინის ეკონომიკა ძალიან ნელა იზრდებოდა.

"მე არ მგონია, რომ ჩვენმა მეწარმეებმა თავი შეიკავონ უკრაინაში ექსპორტის განხორციელებისგან, ვინაიდან თუ იქნება რაღაც წყვეტა, იმ ადგილს სხვა ბიზნესმენები აითვისებენ, ამიტომ მე მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ლოკალური გართულებები, რომლებიც ახლაა, ძალიან მალე დასრულდება და ჩვენი მეწარმეები არ დაკარგავენ ისეთ მნიშვნელოვან ბაზარს, როგორიც უკრაინაა", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლება და თავად უკრაინელი ხალხი, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ამ სიტუაციიდან გამოსვლას შეძლებს.