ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი შესაძლოა აიკრძალოს. შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ არის დაგეგმილი.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა განუცხადა, კანონპროექტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში უკვე ინიცირებულია. მისი ავტორი და ინიციატორი კი მთავრობა და ღვინის ეროვნული სააგენტოა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონი განახლებას საჭიროებს. ერთ-ერთი ცვლილება კი რაც კანონპროექტის მიხედვით იგეგმება, ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვაა.
„ეს არის მოსაზრება, რომელიც კერძო სექტორიდან წამოვიდა და რომელსაც ღვინის სააგენტო სრულად იზიარებს. ეს არის შესაძლო ფალსიფიკაციისგან თავის დაზღვევის ერთ-ერთი საშუალება. მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩამოსასხმელი ღვინის გატანაზე ინტერესი არ არის და ბოთლში ჩამოსხმულთან შედარებით, მისი წილი ექსპორტში ძალიან მცირეა. ამასთან გასულ წლებში რამდენიმე ბაზარზე გაჩნდა ეჭვი, რომ გატანილზე მეტი რაოდენობის ღვინო იყიდებოდა და უფრო მეტის ჩამოსხმა ხდებოდა, ვიდრე აქედან გადის.
აღნიშნული ქვეყნის შესაბამის ორგანოებს უკვე მივმართეთ და გამოძიება მიდის. თუმცა, ამის მოკვლევა და გამოძიება დიდ დროს საჭიროებს და ამის გაკონტროლებაზე დიდი რესურსი იხარჯება. შესაბამისად, ის უფრო მომგებიანი იქნებოდა, ეს ღვინო საერთოდ რომ არ გასულიყო ექსპორტზე“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გიორგი სამანიშვილმა.
მისივე ცნობით, ცვლილება ფაქტობრივად არსებული კანონის ყველა თავსა და მუხლში შედის. იგეგმება ეტიკეტირების წესის შეცვლაც, მოხდება ტერმინოლოგიის გასწორება, რადგან როგორც სიმონიშვილი აღნიშნავს, არის ტერმინები რომელიც ეტიკეტზე რთული დასატანია და პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას უშლის ხელს.
აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გელა სამხარაულის თქმით აღნიშნული ცვლილებების განხილვას პარლამენტი სავარაუდოდ, ამ თვეში დაიწყებს.
„ვცდილობთ, ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასა და სტანდარტებს მოვარგოთ. ტერმინოლოგიასა და მსგავს მცირე ნიუანსებზე გვაქვს შენიშვნები. ამასთან, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არ მოხდეს ფალსიფიკაცია. არის მოსაზრება, რომ მხოლოდ გარკვეული შეფუთვით იყოს შესაძლებელი ღვინის რეალიზაცია“, - აღნიშნა სამხარაულმა.