სახლები გერმანიაში - როგორია ლევან კობიაშვილის 9 მილიონ ლარზე მეტად შეფასებული ქონება

დეპუტატ ლევან კობიაშვილის შემოსავალმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე გასულ წელს 63 334 ლარი შეადგინა.

კობიაშვილი ამ თანამდებობას 2015 წლის 3 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე იკავებს.

ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც 2016 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ რიგებიდან მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, მილიონერ დეპუტატებს შორის მოხვდა. მონიტორინგის ცენტრის „მედიატორის“ კვლევის თანახმადაც, კობიაშვილის უძრავ-მოძრავი ქონება 9 829 530 ლარად არის შეფასებული.

2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან კობიაშვილი ფლობს 70 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბათუმში; 6 500 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში; 450 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს წყნეთში; ამავე მისამართზე მდებარე 2 100 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

მას ეკუთვნის ასევე 425 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი დიუსელდორფში, ამავე მისამართზე მდებარე 790 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი და 550 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი ბერლინში. აღსანიშნავია, რომ თავად კობიაშვილი გერმანიაში მდებარე უძრავი ქონების მხოლოდ 50%-იანი წილის მფლობელია, დანარჩენს 50%-ს კი მისი მეუღლე თამარ წულეისკირი ფლობს.

გარდა ამისა, კობიაშვილი ფლობს - 281 კვადრატული მეტრის, 180 კვ. მეტრის, 110 კვადრატული მეტრისა და 150 კვ. მეტრი ფართობის ბინებს თბილისში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Mercedes benz.

დეკლარაციის შევსების მომენტში, დეპუტატს „ვი-თი-ბი ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 50 ათასი ევრო; სახელფასოზე კი - 6 100 ლარი ჰქონდა. ამასთან, ნაღდი ფულადი თანხის სახით 8 500 ლარი და 20 ათასი დოლარი ჰქონდა.

რაც შეეხება გასავალს, მისი გასავალი წინა წელს შვილების სწავლის საფასურის სახით 8 ათასი დოლარი და 35 ათასი ევრო იყო.

კობიაშვილს ჰყავს მეუღლე თამარ წულეისკირი და შვილები ნიკა და სალომე კობიაშვილები. დეკლარაციის მიხედვით, გარდა გერმანიაში არსებული უძრავი ქონების 50%-იანი წილებისა, თამარ წულეისკირი ასევე ფლობს Audi-ის ფირმის მსუბუქ ავტომობილს.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში თამარ წულეისკირს „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე 20 000 დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 13 400 დოლარი ; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 25 ათასი დოლარი და 10 ათასი ევრო ჰქონდა.