ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფისკალურ პოლიტიკაზე წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ფისკალური პოლიტიკა გაჯანსაღების გზაზეა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით (იხილეთ სქრინი) იანვარ - მარტის განმავლობაში სახაზინო ანგარიშზე ნაშთი გაზრდილია 704 მლნ ლარიდან 929 მლნ ლარამდე (950.6 მლნ ლარი 2017 წლის 3 აპრილის მდგომარეობით). ეს კი მიღწეულ იქნა საგადასახადო შემოსავლების გეგმის სანიმუშო შესრულებით და ზოგიერთ პოზიციაში გადაჭარბებით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი ზომიერი და ბიუჯეტში გაწერილ პარამეტს არ სცილდება.
სულ იანვარ - მარტში შემოსულობებმა 2,690 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო გადასახდელებმა 2,465 მლნ ლარი.
რომ არა ეროვნული ბანკის მხრიდან საწინააღმდეგო მიმართულებით „ცურვა“ (წინა წელთან შედარებით რეფინანსირების სესხების გაორმაგებული მოცულობით გაცემა კომერციულ ბანკებზე და ამით ლარის ფულადი აგრეგატების ზრდა) ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ უკვე დიდი ხანია იქნებოდა გამყარების ტრენდის სტაბილური ნიშნულისკენ დაძრული.
დეფიციტური ხარჯვა მინიმალურ დონეზეა და არ არის იმის საშიშროება, რომ დაგეგმილ 4%–იან ზღვარს წლის ბოლომდე გასცდება.
მთავრობამ აქციზური გადასახადის მიზანმიმართული (და არა საყოველთაო) გაზრდით დროულად შეავსო მოსალოდნელი დანაკარგები შემოსავლების ნაწილში, ხოლო ინფლაციის ეფექტი არის ერთჯერადი.
ასე რომ, მთავრობამ მიაგნო ოპტიმალურ შუალედს ეკონომიკურ პოლიტიკაში სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრად ყოვლისმომცველ განვითარებას შორის, განსაკუთრებით მანამდე წარმოებულ დაუსრულებელი ნეოლიბერალური ექსპერიმენტების ფონზე.
ასეთი საბიუჯეტო დისციპლინა უკანასკნელი 8–10 წლის განმავლობაში აღარც მახსენდება, თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია.
მცდარ მოსაზრებად მიმაჩნია სამინისტროების შემცირებაში გამოსავლის ძებნა. გარკვეული ოპტიმიზაცია ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ვერც 6–8 სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მართვას.
არც სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ მუშაკთა ხარჯზე ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არის შესაბამისი - ისედაც მწირი საშუალო ანაზღაურების ფონზე, რასაც თან დაერთო ლარის კურსის ვარდნა აშშ დოლარის მიმართ, მრავალი სახელმწიფო მოხელის ანაზღაურება ფაქტიურად განახევრებულია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ უკან ოჯახი დგას და ხშირ შემთხვევაში სესხი უცხოურ ვალუტაში - ასეთი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ მოშლის ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს და კორუფციის ტალღამდე მიგვიყვანს.
ჩემი აზრით, დინამიკის შესანარჩუნებლად ხელისუფლებამ სამი მნიშვნელოვანი და კომპლექსური ღონისძიება უნდა განახორციელოს როგორც სტრუქტურული, ისე ინსტიტუციონალური მიმართულებით:
1) აუცილებელია მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო პროექტის(ებ) მოძრაობაში მოყვანა – მაგალითად, ანაკლიის პორტი, ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, ინფრასტრუქტურის პროექტები და ა.შ., რათა მოხდეს სავალუტო ნაკადების უწყვეტად მობილიზება, განსაკუთრებით იმ პირობებში,როცა მომავალი წელიწადნახევრის განმავლობაში საგარეო ვალზე მომსახურების ტვირთი რეკორდულად მაღალია. (საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით ქვეყნის სახელმწიფო და კერძო ბიზნესს უწევს 3,5 მლრდ აშშ დოლარის გადახდა 2017 წლის განმავლობაში და 2,5 მლრდ აშშ დოლარის გადახდა მომდევნო 2018 წლის განმავლობაში)
2) აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სესხების გალარების პროგრამა უვადოდ, მოიხსნას ყოველგვარი თანხობრივი ან დროითი შეზღუდვა და საკრედიტო პროტფელი სრულად გალარდეს.
3) ფინანსურ სექტორში აუცილებელია საბანკო სისტემის დეოლიგოპოლიზაცია და ამ მიზნით ეროვნული ბანკის რეფორმირება. ჩემი აზრით, დღევანდელ ეროვნულ ბანკს არ გააჩნია კომპლექსური ხედვა თავის როლზე ეკონომიკურ პოლიტიკაში, მისი ქმედებები არის ფრაგმენტული, უკეთეს შემთხვევაში დაგვიანებული, ხოლო უარეს შემთხვევაში არათანმიმდევრული და მავნე.
უკანასკნელ თვეებში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი უპირველესად ჯერ კიდევ 2015–2016 წელს წარმოშობილი სავალუტო და ფულად–საკრედიტო მიზეზებით არის გამოწვეული (რეფინანსირებით გაზრდილი ლარის რაოდენობა და ინტერვენციებით ქვეყნიდან გასული დოლარი).
– ამ მიზნით ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ პირველ რიგში განიხილოს ეროვნული ბანკის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
– ამასთან საჭიროა სავალუტო ფონდთან კონსულტაციები იმის მკაფიოდ განმარტებით, რომ ეროვნული ბანკის რეფორმირება ეხლავე უნდა დაიწყოს,რომლის განმავლობაში, დღევანდელი გადასახედიდან მეგარეგულატორის ფუნქციის მისთვის დაბრუნება ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს (მაგალითად, 2008–2009 წლებში, როცა საქართველოს სავალუტო ფონდის 700–მილიონიან დახმარებას იღებდა, ზედამხედველობა გატანილი იყო ეროვნული ბანკის სტრუქტურებიდან)."