ტურიზმიდან შემოსავლებმა გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისადმი მთავრობის თანმიმდევრული და ეტაპობრივი მიდგომის შედეგად, საქართველოში დაფიქსირდა საერთაშორისო სტუმრების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.
”2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდი - 6,3 მილიონი ტურისტი, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელიც ევროკავშირმა სულ ახლახან დაამტკიცა, არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და წაახალისებს ადამიანებს შორის კონტაქტებს, ბიზნესურთიერთობებსა და ტურიზმს,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დასახელების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სექტორი მომავალშიც გააგრძელებს დინამიურად განვითარებას.
”ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დასახელებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ეს სექტორი მომავალშიც გააგრძელებს დინამიურად განვითარებას, ხოლო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება და მხარს დაუჭერს ყველა ქვეყანას, ასოცირებულ თუ შვილობილ ორგანიზაციას.
დარწმუნებული ვარ, რომ არჩევის შემთხვევაში ელჩი პოლოლიკაშვილი იქნება ღირსეული მემკვიდრე, რომელიც სათანადოდ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. გამოვთქვამ იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს დაუჭერს მას,” - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის.