ლუდის მრავალსაუკუნოვანი ისტორია - საინტერესო ფაქტები სასმელზე

სამყაროს შექმნისა და ლუდის გამოგონების თარიღები ლამის ერთმანეთს ემთხვევა.

ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე X საუკუნეში მესოპოტამიის მცხოვრებლებმა ამ სასმელის დამზადების 70-მდე სხვადასხვა რეცეპტი იცოდნენ. ბაბილონში ლუდის ხარისხის დაცვის კანონი მოქმედებდა.

ძველი რომაელები ლუდს უხვმოსავლიანობის ქალღმერთის - ცერერასაგან ნაბოძებ ღვთიურ სითხედ მიიჩნევდნენ და ჰიმნებსა და ოდებში ხოტბას ასხამდნენ მას. მომთაბარე სკვითებს ჰიმნებზე არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ, სამაგიეროდ ლუდს განათლებულ ბერძნებსა და რომაელებზე უკეთ ხარშავდნენ, რასაც ბერძენი მოგზაურებიც ადასტურებდნენ თავიანთ ნაშრომებში.

მოკლედ, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი ერი, ლუდის დამზადების ხელოვნება რომ არ სცოდნოდა. გამონაკლისს მხოლოდ ავსტრალიელი აბორიგენები წარმოადგენდნენ, რომლებიც მეგობრებთან ერთად ლუდის სმას, მათ შეჭმას ამჯობინებდნენ.

ბავარიული სვია

ცნობილია, რომ ლუდს სიმწარეს სვია სძენს. ევროპაში მის შესახებ IX საუკუნემდე არავის არაფერი სმენოდა. მანამდე ამ სასმელში ათასგვარ "ნაგავს” ყრიდნენ. მაგალითად დაფნას. პირველებმა სვიის მოყვანა ბავარიელებმა დაიწყეს. ბავარიული ლუდის დიდებაც სწორედ აქედან იღებს სათავეს.

გერმანული ლეგენდის მიხედვით, სვიიანი სასმელი ზღაპრულმა მეფემ გამბრინუსმა შექმნა. მას რეალური პროტოტიპიც ჰყავდა - ლუდის დიდი მოყვარული ჰერცოგი იან პრიმუსი. 1515-16 წლებში ბავარიელმა ჰერცოგმა ვილჰელმმა "კანონი სუფთა ლუდის შესახებ” დაამტკიცა, რომლის თანახმად, ნამდვილი ლუდის შემადგენლობაში ქერი, სვია და წყალი შედიოდა.

ლუდი და ჯანმრთელობა

ლუდი სუსტი ალკოჰოლიანი, მატონიზირებელი და გამაგრილებელი სასმელია. ლუდს მადაზე მოვყავართ. იგი აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. ჯერ კიდევ ძველად იცოდნენ მისი სამკურნალო თვისებების შესახებაც. თბილი ლუდით აწყნარებდნენ კბილის ტკივილს და ხსნიდნენ ყელის გაღიზიანებას. მეომრები მას დაღლილობის მოსახსნელად ფეხებზე ისვამდნენ. ლუდს ასმევდნენ ფიზიკურად და სულიერად დასუსტებულებს.

მკურნალობდნენ ღვიძლს, თირკმელებს და ქოლერის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ საშუალებად მიიჩნევდნენ. XIX საუკუნის შუა წლებამდე ევროპის ყველა საავადმყოფოში პაციენტებს წამალზე ლუდს აყოლებინებდნენ. იხილეთ გაგრძელება