აკაკი ზოიძე - რაც უფრო ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება

მსოფლიოში რაც უფრო ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი, მით უკეთესი იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში, გარდამავალი დებულების შესაბამისად, რესტორნებსა და კაფეებში შესაძლებელი იქნება ცალკე ადგილების გამოყოფა მწეველებისთვის, თუმცა ეს არ უნდა იყოს არაუმეტეს 20%-ისა.

„მაგრამ ერთი წლის თავზე თამბაქოს მოხმარება უკვე აიკრძალება სრულად. გარდამავალი პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანები მიეჩვიონ ახალ წესს. მოწევა აიკრძალება თავშეყრის ნებისმიერ ადგილში და საზოგადოებრივ დაწესებულებებში. ეს არ ეხება კერძო საცხოვრებელ სახლებს და პენიტენციურ დაწესებულებებს. ასევე დასაშვები იქნება აეროპორტის სატრანზიტო ტერმინალში“, - განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ახალი რეგულაციებისა, მწეველების რაოდენობა, სავარაუდოდ, მხოლოდ 1- 2 %-ით შემცირდება.

„1 და 2%-ის დაკლება ტრილიონობით შემოსავლიანი ინდუსტრიისთვის არაფერია. პირიქით, აქციზის ზრდასთან ერთად, ისინი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ რაც ჩქარა გაკოტრდება თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში, მით უკეთესი იქნება,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტში თამაბქოს კონტროლთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დღეს უნდა განიხილონ.