პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ”გაგუას კლინიკის” ახალი კორპუსის გახსნას დაესწრო.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს არის 100-საწოლიანი კლინიკა, რომლის სტრატეგიაც არის, მოემსახუროს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა დავით გაგუას იმისთვის, რომ ასეთი ობიექტი შეემატა დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას.
”მე ძალიან მახარებს, რომ სწორი პარტნიორობით სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა საქართველოში გვქონდეს ასეთი თანამედროვე კლინიკები. რაც განსაკუთრებით მახარებს, არის ის, რომ კლინიკა აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთათვის. აქ არის სრული კომფორტი ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კლინიკა ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად აშენდა. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალურ სექტორში ძალიან ბევრი ინვესტიციები ხორციელდება.
”საქართველო ნამდვილად არის პიონერი. ნამდვილად გვაქვს საამაყო, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო საყოველთაო ხელმისაწვდომობის შექმნა იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დღეს არ ეშინოდეთ სამედიცინო მომსახურების. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ მიღწევაში ძალიან დიდი როლი აქვს ჯანმრთელობის მინისტრს დავით სერგეენკოს.
”გაგუას კლინიკის ” ახალი კორპუსი 100 საწოლზეა გათვლილი. კლინიკის გახსნას ასევე დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, თბილისის მერი დავით ნარმანია.