დეპუტატმა საპარლამენტო სესიაზე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას შედგება თამბაქოს კონტროლის კანონპროექტში ცვლილებების განხილვა, რაც დეპუტატის შეფასებით, უალტერნატივოა.
ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ „ეს ის პროექტია, რომლის შინაარსსა და აქტუალობაზე, ლოგიკურად, ვერავინ იდავებს“.
„დღეს, როცა სახელმწიფო პროგრამებით აქტიურად ვებრძვით სხვადასხვა დაავადებას - ცე ჰეპატიტს, სიმსივნურ დაავადებებს, ასევე, აქტიურად გვინდა დავიწყოთ დემოგრაფიულ პრობლემაზე მუშაობა, თამბაქოს შესახებ რეგულაციების არარსებობა ჩანასახშივე კლავს ამ ყველაფერს, რადგან მოგეხსენებათ, რომ მოწევა იწვევს 51 ქრონიკულ დაავადებას, აქედან, მწეველთა 50% სწორედ ამ დაავადებების შედეგად კვდება, ხოლო დანარჩენ 50%-ს კი, უზიანდებათ ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხარისხი. წარმოვიდგინოთ, მოსახლეობის 2/3 თამბაქოს კვამლის ზეგავლენის ქვეშ ვართ და ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვსხედვართ, ჩვენდა უნებლიედ ვიწამლავთ თავს და ვწამლავთ ჩვენს შვილებს, რადგან თამბაქოს კვამლში შედის 250 ტოქსინი და 69 კარცენოგენი. ალტერნატიული თავშეყრის ადგილი კი, ფაქტობრივად, არ არსებობს“ - აღნიშნა განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, „საგანგაშოა სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, საქართველო თამბაქოს მოხმარებით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ხოლო ევროპაში - მეორეზე“.
„ყოველი მერვე არასრულწლოვანი სიგარეტის მომხმარებელია, ხოლო თითქმის ყოველ მეორეს გაუსინჯავს სიგარეტი. ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ თამბაქოს ასეთი მოცულობით გავრცელება ეკონომიკური კუთხითაც წამგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის. წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი ლარი იხარჯება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობის დაფინანსებაზე. 100 მილიონი აშშ დოლარის თანხის გადინება ხდება წლიურად თამბაქოს იმპორტზე. საქართველოსთვის ეს კოლოსალური თანხებია. ასეთ მოცემულობაში, ვფიქრობ, ამ ცვლილებების გახორციელებას ალტერნატივა არ გააჩნია“,- განაცხადა დეპუტატმა.
ნინო წილოსანის თქმით, კანონპროექტი მოიცავს ყველა იმ აუცილებელ ფაქტორს, რითიც შემცირდება თამბაქოს მოხმარების უარყოფით მხარეები.
„ეს არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ტრანსპორტში მოწევის აკრძალვა, რეკლამის აკრძალვა, მისი მოდური იმიჯის ნგრევა, კოლოფებზე პიქტოგრამის დატანა და ა.შ. მინდა მოგიწოდოთ ყველას, მხარი დაუჭიროთ ამ კანონპროექტს. ვინ თუ არა ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი შვილების უფლებაა, იცხოვრონ უვნებელ გარემოში და იყვნენ ჯანმრთელები, ეს არის ყველა სხვა ინტერესზე მაღლა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.