ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, წამლების ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვის პროექტი ჩავარდა.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერ აფთიაქში ნებისმიერი დასახელების წამლის ურეცეპტოდ ყიდვა შესაძლებელია. მისი თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ პროგრამა მოუმზადებელი იყო.
”ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება წამლების ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით. დღეს ქუთაისში რაღაც წამალი ვიყიდე და არავითარი რეცეპტი არ დამჭირდა, ეს ასეა თბილისშიც. ეს პროგრამა ჩავარდა, ჩაფლავდა, რადგან ის მოუმზადებელი იყო”, - განაცხადა გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
აღნიშნული განცხადება გოცირიძემ სესიაზე თამბაქოს მოხმარების რეგულაციების მიმართულებით ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის განხილვისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, თამბაქოს მოხმარების აკრძალვის კუთხით შემუშავებულ ინიციატივებს მხარს უჭერს, მაგრამ კანონი, ამოქმედების შემდეგ, ფარატინა ქაღალდად არ უნდა გადაიქცეს.