ლექვინაძე : „ელისაშვილი არაკეთილსინდისიერი მეთოდებით და ცრუპენტელობით ცდილობს თბილისელების შეცდომაში შეყვანას“

დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გენერალური გეგმის ილუსტრაცია გამოაქვეყნა, რომელზეც ასახულია თუ როგორ უნდა განვითარდეს ზღვისპირა ინფრასტრუქტურა.

მერის მოადგილე საკრებულოს დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკრებულოს ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის მხრიდან არასწორი და ცრუ ინფორმაციაა გავრცლებული.

„ეს არის თბილისის ზღვის გენერალური გეგმის კონცეფცია, რომელიც შეიქმნა PWC-ის საკონსულტაციო ჯგუფის მიერ და გავლილია თბილისის გენერალური გეგმის მიერ, ის ფოტო რაც გავრცელდა ტვ "რუსთავი 2"-ის მიერ არის დამონტაჟებული, ასევე არასწორი და ცრუ ინფორმაციაა გავრცლებული საკრებულოს ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის მხრიდან, რომელიც სამწუხაროდ არაკეთილსინდისიერი მეთოდებით და ცრუპენტელობით ცდილობს თბილისელების შეცდომაში შეყვანას“, - წერს ლექვინაძე.

თბილისის ზღვის განვითარების გეგმის შესახებ ორი დღის წინ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ „ამ გეგმაში თბილისის მერიამ ერთ უცხოურ კომპანიას 476 ათასი ლარი გადაუხადა. დიახ, ნახევარი მილიონი გადაიხადეს ჩვენი ჯიბეებიდან ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში“.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმა საკონსულტაციო კომპანია PwC-ს ეკუთვნის. კონცეფციის თანახმად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონები და კომერციული ობიექტები მოეწყობა.

პროექტის განხორციელების პირველი ფაზა 2017 წელს დაიწყება და 2028 წელს დასრულდება.

bpn