პრეზიდენტის სტიპენდიას სახელი შეეცვალა

სტუდენტებისთვის პრეზიდენტის სტიპენდიას სახელმწიფო სტიპენდია დაერქმევა. ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ განმარტება გააკეთა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლიდან სტიპენდია არა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, არამედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან გაიცემოდა.

"რაც შეეხება 2007 წლის პრეზიდენტის განკარგულებით განხორციელებულ პროგრამას, მას დაერქვა პრეზიდენტის სტიპენდია და ამისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო დაფინანსება. 2008 წლიდან სარეზერვო ფონდიდან სტიპენდიების დაფინანსება შეწყდა. მომდევნო წლებში სტიპენდიები ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიდან). შესაბამისად, ეს გარემოება გავითვალისწინეთ და სტიპენდიების განახლებულ პროგრამას დაერქვა სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა, რაც ადეკვატურია დაფინანსების წყაროდან გამომდინარე", - ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში განაცხადეს, რომ გიორგი მარგველაშვილმა, განათლების მინისტრობის პერიოდში, სტუდენტური სტიპენდიების პროგრამის მასშტაბები გაზარდა. შედეგად, პროგრამა 2012 წლის ბოლოს გადაიხედა და 2013 წლისთვის გაორმაგებული ბიუჯეტითა და განახლებული სახელწოდებით ამუშავდა.

"დღეისთვის პროგრამა ორჯერ მეტ სტუდენტს ეხება," - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, ამავე პერიოდში, გადაიხედა სხვა პროგრამების შინაარსი, ბიუჯეტი და სახელწოდებები ამ პროგრამების მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევის მიზნით.