„ნაციონალური მოძრაობა" კომპანია "ქართულ საინვესტიციო ჯგუფ 21-ე“-სა და "ქართუ ბანკს" თაღლითობაში ადანაშაულებს.
როგორც პარტიის წევრებმა გოგა ონიანმა და ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კომპანიამ "ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე“ 10 წლის წინ 50-მდე მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, რომლის მიხედვითაც, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ ავტომობილები მძღოლებს დარჩებოდათ.
გოგა ონიანის განცხადებით, 2011 წელს კომპანიამ "ქართუ ბანკიდან" 6 მილიონიანი სესხი აიღო, რისი უზრუნველყოფაც აღნიშნული მანქანებით მოხდა. გოგა ონიანის განცხადებით, მძღოლებმა თანხის უდიდესი ნაწილი დაფარეს, თუმცა კომპანიამ ბანკს სესხი ვერ გადაუხადა და ამიტომაც, "ქართუ ბანკი" მძღოლებს მანქანებს ართმევს.
"2007 წელს კომპანიასა და მძღოლებს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ 48 ათასი ლარის გადახდის შემდეგ ეს მანქანები მძღოლებს უნდა გადასცემოდათ საკუთრებაში. 50-მდე მძღოლიდან ზოგმა 40 ათასი ლარი გადაიხადა, ზოგმა 45 ათასი, ზოგმაც სრულად დაფარა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო "ქართუ ბანკში" და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. კომპანიამ თანხა ვერ გადაიხადა, ბანკმა იჩივლა, 2015 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება და დაყადაღდა ქონება, მათ შორის ეს მანქანებიც. ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც აწყობდა როგორც კომპანიას, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბანკს. მძღოლებს უთხრეს, რომ მალე მათ გააჩერებს პატრული და მანქანებს გადასცემენ სააღსრულებლო ბიუროს", - განაცხადა გოგა ონიანმა.
ნუგზარ წიკლაური "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მძღოლებს გვერდში დაუდგება.
"თაღლითური გარიგება იყო ბანკსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის, ტრაგიკულია, როცა მილიარდერის ბანკი ართმევს გაჭირვებულ ხალხს მანქანებს, რომლის საფასურიც მათ გადაიხადეს. მძღოლებს გვერდში ვუდგავართ ამ ბრძოლაში", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
"ნაციონალური მოძრაობა" "ქართუ ბანკს" მიმართავს, მათმა იურისტებმა შეისწავლონ დოკუმენტაცია და "მძღოლები არ დატოვონ ლუკმა პურის გარეშე".