თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მიიჩნევს, რომ ორთაჭალაში ე.წ. სამთავრობო ქალაქში მხოლოდ 4-5 სამინისტროს განთავსებაა შესაძლებელი , - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა.
როგორც მერაბ ბოლქვაძემ აღნიშნა, აღნიშნული ტერიტორია 4 ჰექტარზე მეტია და საუბარია არა ყველა, არამედ სამინისტროების ნაწილის გადატანაზე.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, საუბარია 4-5 სამინისტროზე, რომლის განთავსება იქ შესაძლებელია, თუმცა ვინც განაშენიანების რეგულირების გეგმას დაამუშავებს, მათთვის გვექნება გარკვეული შეზღუდვები და მოთხოვნები, რაც საპროექტო დავალებაში აისახება. ერთი არის განაშენიანების ინტენსივობის დაცვა. მეორე არის ის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოდის დუქნისხევის შენაკადი, რომელიც როგორც ხეობა, ლანდშაფტური სივრცით უნდა განვითარდეს და თვითონ ამ განაშენიანებისთვისაც ძალიან დიდი პლუსი იქნება, თუ იქ ამ ხეობასთან ერთად სარეკრეაციო არეალი დაიგეგმება. ჩვენს მოთხოვნებს შესაბამის დავალებაში ავსახავთ და იმ საპროექტო ჯგუფს გადავცემთ, რომელიც ამაზე იმუშავებს“, - განაცხადა ბოლქვაძემ.
რაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, მერაბ ბოლქვაძის თქმით, გეგმაზე მუშაობა მაისში დასრულდება, შემდეგ თბილისის მერია საჯარო განხილვებს, გამოფენებს, შეხვედრებს გამართავს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, ორთაჭალაში ე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენების შესახებ გასულ თვეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.