ევროკავშირმა ვიქტორ იანუკოვიჩის ანგარიშები გაყინა

ევროკავშირმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და 18 უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსნის ანგარიშები გაყინა, ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება Eur-Lex-ზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღეს, რომ ისინი უკრაინაში კანონდარღვევაში არიან შემჩნეული. დოკუმენტი დღეს გამთენიისას გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

ვიქტორ იანუკოვიჩის გარდა, ვისი ანგარიშებიც ევროკავშირმა გაყინა, არიან ექს-პრეზიდენტის შვილები - ალექსანდრე და ვიქტორ იანუკოვიჩები, უკრაინის ყოფილი შს მინისტრი, ვიტალი ზახარჩენკო, ყოფილი გენპროკურორი, ვიქტორ პშონკა, და მისი შვილი, დეპუტატი არტემ პშონკა, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ელენა ლუკაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრეი კლიუევი და მისი ძმა, დეპუტატი სერგეი კლიუევი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი და მისი შვილი, "რეგიონების პარტიის" წევრი ალექსეი აზაროვი და ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სია შესაძლოა, ვითარების მიხედვით შეიცვალოს.