თამბაქოს ინდუსტრია ზოგიერთი რეგულაციის შერბილება-შესუსტებას ცდილობს. თუმცა, როგორც წესი ამ პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებს.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსთან“„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.
„თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს შეასუსტოს და შეარბილოს ზოგიერთი რეგულაცია. თუმცა, საიდუმლო გარიგებები უყვართ და როგორც წესი, ამ პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებენ. ჩვენ მათი გზავნილებიც გვაქვს სხვადასხვა უწყებების მიმართ. იმედი გვაქვს, ამ პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მხარდამჭერი ჰყავთ, ამას ვერ მიაღწევენ“, - აღნიშნა ბახტურიძემ.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე - ე.წ. დრაივი. ამასთან, ფილმებში თამბაქოს მოწევის ამსახველი კადრების დაფარვის აუცილებლობაც შეიძლება გაჩნდეს.