საქართველოს პარლამენტმა “დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი დეპუტატებს განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ წარუდგინა.
მისი თქმით, პრუდენციული რეგულირების და ეფექტური ზედამხედველობის გარდა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, აღნიშნული კანონის მიღება მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. მისი თქმით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არის ახალი ელემენტი, რომელიც კიდევ უფრო შეამცირებს დღესდღეობით საქართველოში არსებულ ისედაც დაბალ რისკებს, რომელიც ადგილობრივ საბანკო სექტორშია.
„ხშირად ისმის შეკითხვა - დღეს, როდესაც გვაქვს ბანკების რეგულაცია, რა არის ის დამატებითი, რასაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა გვთავაზობს? პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ასეთი სისტემის არსებობა საკმაოდ გავრცელებული მექანიზმია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის დანერგილი აქვს მსოფლიოს 125 ქვეყანას, საქართველო კი ერთადერთია რეგიონში, სადაც დეპოზიტების დაზღვევა არ მოქმედებს.,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემაში ამ ეტაპზე არსებული სტაბილური მდგომარეობა, კაპიტალიზაციისა და მოგების მაღალი დონე, ქმნის საუკეთესო წინაპირობას დეპოზიტების დაზღვევის სიტემის უმტკივნეულო დანერგვისთვის. ხელსაყრელი გარემო ერთი მხრივ ამცირებს ბანკებისთვის სისტემის შემოღებით გაზრდილ დანახარჯებს, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს დეპოზიტების დაზღვევის ფონდში თანხების სწრაფ აკუმულირებას და ზრდას.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის კონცეფცია ეფუძნება ევროკავშირის დირექტივას და დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის 16 ძირითად პრინციპს. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვადებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს. დადგენილი ვადისათვის დირექტივის სრულფასოვნად შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია მისი ეტაპობრივად დანერგვა. ინსტიტუციური გამოცდილების თანდათანობითი დაგროვება გაამარტივებს დირექტივასთან ადაპტირების პროცესს,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
საქართველოში პირველ ეტაპზე დაზღვეული დეპოზიტების მაქსიმალური ზღვარი 5000 ლარი იქნება. გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკით, სისტემამ უნდა უზრუნველყოს დეპოზიტორების 95%-ის და დეპოზიტების საერთო რაოდენობის 20%-ის დაზღვევა. საქართველოში დეპოზიტორების 97 პროცენტს 5000 ლარზე ნაკლები ოდენობის დეპოზიტები გააჩნია, ხოლო მათი წილი მთლიანი დეპოზიტების მოცულობაში შეადგენს დაახლოებით 16 პროცენტს.
ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დათქმის შესაბამისად, საქართველოს ენიჭება უფლება თავად განსაზღვროს აღნიშნული ზღვარი ქვეყანაში არსებული ფინანსური და ეკონომიკური ვითარების შესაბამისად.
ამასთან, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ყველა კომერციული ბანკი.
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, მსოფლიო ბანკი, რომლის ექსპერტებიც საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივი საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.