აზერბაიჯანში გაზში დამატებული არომატის გამო 115 ადამიანი მოიწამლა - "სოკარი" მიზეზებს იკვლევს

ბუნებრივი აირით მოწამვლის გამო წუხელ აზერბაიჯანში, ბაქოს ერთ-ერთი რაიონში 115 ადამიანი დაშავდა. მასობრივი მოწამვლის მიზეზი ბუნებრივ აირში სპეციალური არომატის დოზის გადაჭარბებით დამატება გახდა. ამ არომატს გაზის გაჟონვის გამოსავლენად იყენებენ.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო ”ტრენდი” იუწყება, 70-მა მოქალაქემ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე მიიღო, ხოლო 45 დაზარალებული ტოქსიკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს. თუმცა, ამ ეტპაზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი მათგანი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.

კომპანია ”აზერიგაზი” ”სოკართან” ერთად, რომელიც ბაქოსთან ერთად ბუნებრივ აირს საქართველოსაც აწვდის, ამ ეტაპზე დოზის გადამეტების მიზეზებს იკვლევენ. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ბაქოს საქალაქო პროკურატურაში.

ადგილობრივ მაცხოვრებელთა უსაფრთხოების მიზნით, დროებით ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტეს.