გიგა ბოკერია - რუსეთი არის მტრული სახელმწიფო, ,,გაზპრომი“ არის მტრული სახელმწიფოს პოლიტიკური ინსტრუმენტი

რუსეთი არის მტრული სახელმწიფო. ამ დარბაზში ამაზე არავინ დავობს.

,,გაზპრომი“ არის მტრული სახელმწიფოს პოლიტიკური ინსტრუმენტი, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ გუშინ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ,,გაზპრომთან’’ ბოლო დროს გაფორმებული ხელშეკრულებით ქვეყნის ინტერესები დაზარალდა და ამაში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა.

,,რუსეთი არის მტრული სახელმწიფო. ამ დარბაზში ამაზე არავინ დავობს. ,,გაზპრომი“ არის მტრული სახელმწიფოს პოლიტიკური ინსტრუმენტი. ამაზეც არ არის დავა. ის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აქამდე ჰქონდა ,,გაზპრომთან“ დადებული, ქვეყნისთვის მომგებიანი იყო. თქვენც აღიარებთ, რომ წლებია რუსეთი ითხოვდა ,,გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეცვლას თავისი ინეტრესების სასარგებლოდ. უდავო ფაქტია, რომ წლებია საქართველო ახერხებდა ამ ხელშეკრულების შენარჩუნებას. თუმცა, თქვენ რუსეთის მოთხოვნით ჩვენთვის მომგებიანი ხელშეკრულება შეცვალეთ. ამის მერე სურვილიც არ გიჩნდებათ, რომ პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრს დაუძახოთ და მოუსმინოთ. იქნებ ვცდებით და თქვენ მართლები ხართ?! საიდან იცით, რომ ღირდა რუსეთთან დათმობაზე წასვლა.

აქედან ერთადერი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ან ვერ შეძელით, ან არ შეძელით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, ან იყო სხვა კორუფციული ინტერესებიც. გასაგებია, როცა პოლიტიკური დავალება გაქვთ, უნდა დაიცვათ ეს პოზიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზღვარი არ უნდა ჰქონდეს პოლიტკურ სისულელეს. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზარალდა. დროზე მოეგეთ გონს და პასუხი მოსთხოვეთ თქვენს მთავრობას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტში “გაზპრომთან“ გაფორმებული შეთანხმების თაობაზე ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.