"ტრანს კავკასუს ტერმინალმა” რუმინეთის პორტთან სატვირთო გადაზიდვებზე მემორანდუმი გააფორმა

"ტრანს კავკასუს ტერმინალის" დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ, სამდინარო ნავსადგურ გალაცის ადმინისტრაციასა და ამავე ნავსადგურის ოპერატორ კომპანიებთან, რუმინეთში, სამმხრივი ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

როგორც  "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, მემორანდუმის მიხედვით, დასავლეთ ჩინეთიდან წამოსული კონტეინერები ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით რუმინეთის ნავსადგურების მეშვეობით გაიშლება მთელს ევროპაში. არსებული ხაზი იმუშავებს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, ასევე პირიქით. წამოსული ტვირთი გაივლის დანიშნულების პუნქტებს და საკონტეინერო ხაზის დახმარებით ცენტრალურ ევროპამდე მიაღწევს.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, ქალაქები - გალაცი და ფოთი ერთმანეთს დაუკავშირდება რეგულარული საკონტეინერო საზღვაო ხაზით. აღნიშნულ მონაკვეთზე ტვირთბრუნვა კი "საქართველოს რკინიგზის" კონტეინერებით განხორციელდება.

"ამასთან, მიმდინარე წლის 1 მარტს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, სატრანსპორტო მომსახურებაზე - შპს "ტრანს კავკასუს ტერმინალსა" და ყაზახეთის რკინიგზის შვილობილ კომპანია KTZ Express-ს შორის, რომლის მეშვეობითაც მოხდება ტვირთების გადაზიდვა ნავსადგურ აქტაუდან ყაზახეთის და ჩინეთის მიმართულებით", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".