საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება , - ამის შესახებ ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი წელიწადში დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს. აქედან დაახლოებით 3 000 პირი თამბაქოს მეორადი კვამლის შედეგად იღუპება.
”ის ადამიანები, რომლებიც თამბაქოს არ ეწევიან, მაგრამ იძულებული არიან იმის გამო, რომ სახელმწიფო თავის ადგილზე არ დგას, ან საზოგადოებას არ აქვს შესაბამისი შეგნება და კულტურა, ვღებულობთ, რომ ყოველდღიურად გვეღუპება 1 ბავშვი თამბაქოს პასიური მოწევის გამო და ყოველდღიურად 9 ადამიანი იღუპება პასიური მოწევის გამო. ხოლო მთლიანად თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად 30 ადამიანს შეადგენს”, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
მან აღნიშნული მაჩვენებელი ბორჯომის მოსახლეობას შეადარა და აღნიშნა, რომ თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი ყოველწლიურად ბორჯომის მოსახლეობას უდრის, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყოველწლიურად ”ერთი ქალაქი გვეღუპება”.
პარლამენტი ”თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს იხილავს. კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე - ე.წ. დრაივი.
ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილი იქნება პიქტოგრამებიც. ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი.