საჰაერო ტაქსით თბილისიდან ბაქოს მიმართულებით მგზავრობა 6 930 დოლარი ეღირება.
ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
საჰაერო ტაქსით მხოლოდ ხუთი ადამიანის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.
საჰაერო ტაქსით ადგილობრივ და საერთაშორისო ჩარტერულ რეისებს „აჭარა ჯგუფის“ კუთვნილი ავიაკომპანია „ავიატორი“ ახორციელებს. კომპანიამ კომერციული ფრენები გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო.
ფრენები ხორციელდება როგორც შიდა აეროპორტებში - ბათუმის, ქუთაისის, მესტიის, ამბროლაურის, თელავის მიმართულებით, ისე საზღვარგარეთ. ავიატორის საჰაერო ტაქსით ფრენები ასევე ხორციელდება ბაქოს, ერევნის, ისრაელის, ირანისა და თურქეთის მიმართულებით.
ფრენები უახლესი ამერიკული წარმოების “Beechcraft” KingAir C90GTX ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება.
"აჭარა ჯგუფის" ინფორმაციით, საჰაერო ტაქსით გადაადგილებისას ყველაზე მოთხოვნადი შიდა მიმართულებებიდან ბათუმი, ხოლო სხვა ქვეყნებიდან - ერევანია.
Air taxi service in Georgia: Flight from Tbilisi to Baku will cost you $6000