სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირის მოსანახულებლად თურქეთში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩავიდა.
როგორც სახალხო დამცველის პრესსამსახურში განაცხადეს, მათი წარმომადგენელი ადგილზე გაეცნობა სიტუაციას და მოგვიანებით მედიასთან დეტალებზე ისაუბრებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აღნიშნული მოქალაქეების ახლობლები ავრცელებენ. მათი მტკიცებით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, დაშავებულები თურქეთის მხარეს იმყოფებიან და არ იციან, ისინი რა მდგომარეობაში არიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
თავის მხრივ, თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ თურქ პოლიციელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენა.