თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერითა და ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით , ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდმა“ განახორციელა პროექტი „სკოლის მოსწავლეებში კრიტიკული, ანალიტიკური და კრეატიული უნარ-ჩვევების განვითარება სასკოლო ოლიმპიადის გზით“.
როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, აღნიშნული პროექტი საერთაშორისო პროგრამის (FPSPI) ანალოგია, რომელიც 14 ქვეყანაში ხორციელდება და მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეების კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და მათ მომავალ ლიდერებად ჩამოყალიბებისთვის საჭირო წინაპირობების შექმნას. სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილოება მიიღო თბილისის 20 საჯარო სკოლის 200 მოსწავლისგან ჩამოყალიბებულმა 50-მა სასკოლო გუნდმა, რომლებიც გლობალურ და ადგილობრივი თემისთვის აქტუალურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობდნენ. ამ დროის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, მოხდა სკოლების შერჩევა, გუნდების ჩამოყალიბება. შემდეგ ეტაპზე გუნდებს შორის მოეწყო შეჯიბრება, რომელზეც თითოეული გუნდი წარმოადგენდა როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. გამარჯვებულები გამოავლინა საერთაშორისო კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროს მაღალი დონის ექსპერტებით.
8 აპრილს, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, პროექტში მონაწილე სკოლებს გადაეცემა მადლობის სიგელები, გამარჯვებული გუნდები და მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.