გუდაურის განვითარებისთვის ხელოვნური თოვლის მანქანებია საჭირო

გუდაურში წელს უჩვეულოდ მცირე ნალექის გამო, ტურისტების რაოდენობა შემცირდა. როგორც bpn.ge-ს გუდაურის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ, მამუკა ბურდულმა განუცხადა, სეზონის დაწყებამდე სამთო-სათხილამურო კურორტზე დასვენების მსურველთა დიდი გააქტიურება შეინიშნებოდა, საახალწლოდ ყველა სასტუმრო წინასწარ ორი თვით დაიჯავშნა, თუმცა, თოვლი არ მოვიდა.

"26 წელია, გუდაურში ვმუშაობ და ასეთი მცირენალექიანი ზამთარი არ მახსოვს. ვისაც ფული არ ჰქონდა გადახდილი, ჯავშნები ყველამ მოხსნა. ვინც ჩამოვიდა, წესიერად ვერ სრიალებდა; იანვარი სასტუმროებისთვის ძალიან ცუდი პერიოდი გამოდგა", - განაცხადა ბურდულმა.

მისი თქმით, დრამატული სიტუაცია შედარებით თებერვალში გამოსწორდა და დამსვენებლთა ნაკადი შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო ბევრმა უკრაინელმა ტურისტმა გუდაურში სტუმრობა გადაიფიქრა.

"პირველ-მეორე ადგილზე გუდაურში რაოდენობით სწორედ რუსი და უკრაინელი ტურისტები არიან. მათთვის კურორტი მიმზიდველია ტერიტორიული სიახლოვისა და ფასების გამო", - აღნიშნა გუდაურის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ.

სასტუმროების მეპატრონეები იმედოვნებენ, რომ მარტში სიტუაცია გაუმჯობესდება, რადგან ხელსაყრელი ამინდებია ნავარაუდევი.

"საერთო ჯამში, წლევანდელმა სეზონმა დაგვანახა, რომ გარკვეული პრობლემებია კურორტზე, რომელიც უნდა გადაიჭრას, თუ მისი სტაბილური განვითარება გვჭირდება. საჭიროა, ხელოვნური თოვლის მანქანების შესყიდვა-დამონტაჟება. ეს ძალიან ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, 30 მილიონამდე დოლარი ჯდება, თუმცა, ყველა წამყვანი კურორტი ევროპაში და თავად რუსეთშიც, ასე მუშაობს", - განაცხადა ბურდულმა.

გუდაურის ტურიზმის ასოციაცია მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივის დაყენებასაც აპირებს.