პრობლემები ეკონომიკაში საქართველოს თან სდევს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კოვზანაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
”დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში მჯდომი თითოეული ადამიანი მოწადინებულია, რომ თავისი საქმიანობა გულწრფელად მიუძღვნას საქართველოს და ქართველი ხალხის უკეთეს მომავალს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ გარკვეული პრობლემები ეკონომიკაში. ნება მიბოძეთ შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს პრობლემები საქართველოს თან სდევს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან. ეს არის საქართველოს ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, მიმდინარე ბალანსის ქრონიკული დეფიციტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, ხშირად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა და სხვა. პრემიერ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობა ეჭიდება სწორედ ამ პრობლემებს, თანმიმდევრულად და ეტაპობრივად აგვარებს მას. შესაბამისად, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას უპრეცედენტოა ის მომენტი, რომ ხელისუფლებას დასახული აქვს, რომ მიმდინარე, წუთიერი პრობლემების მოგვარება არ არის მისი პრიორიტეტი, არამედ მისი პროგრამა ემსახურება გრძელვადიანი, მდგრადი ეკონომიკური ზრდის საფუძვლის, ფუნდამენტის შექმნას”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
დეპუტატმა დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
”ბატონო პრეზიდენტო, სწორედ ინსტუციური საფუძვლის შექმნის მაგალითებია ის, რომ ჩვენ ვიწყებთ კაპიტალის ბაზრის რეფორმას, საპენსიო რეფორმას, დეპოზიტების ამოქმედებას, რომლის ინიცირებაც პრაქტიკულად 10 წლით დაგვიანდა, მაგრამ გუშინ პირველი მოსმენით პარლამენტში მივიღეთ და კიდევ ერთი ფუნდამენტი ჩავუყარეთ ქართულ ფინანსურ სისტემას”, - აღნიშნა მან.
კოვზანაძის თქმით, პოზიტიური ტრენდი და პირველადი შედეგი სახეზეა, ვინაიდან მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მშპ-ის ზრდამ პრაქტიკულად 4,8% შეადგინა.
”თქვენ მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩვენ გვიდევს 4%-იანი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა შესრულებულია 6%-იანი გადაჭარბებით. ნომინალურად ჩვენ მივიღეთ 152,7 მლნ-ით მეტი, ეს მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელს კი აღემატება 496 მლნ ლარით, პრაქტიკულად ნახევარი მილიარდი ლარით მეტი მივიღეთ, ვიდრე გასულ წელს. ეს ნამატი თანხა ბუნებრივია მოხმარდება თითოეული ქართველის კეთილდღეობას, თითოეული მოქალაქის ოჯახის კეთილდღეობას. გაუმჯობესდება საქართველოს ინფრასტრუქტურა. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ ინფლაცია, მინდა მოგახსენოთ, რომ ერთჯერადი ნახტომის შემდეგ მარტში ინფლაციური ფონი დასატაბილურდა და ეს ძალიან კარგია”, - განაცხადა კოვზანაძემ.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ხელისუფლების ეკონომიკურ კურსს იწონებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ეს მიღწეულ იქნა ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით.
”შედეგად, სავალუტო ფონდი პრაქტიკულად განაახლებს პროგრამას საქართველოში, რის შედეგადაც 885 მილიონით გაიზრდება ეროვნული ბანკის რეზერვები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა კოვზანაძემ.