საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი მერიას რეგულაციებს უწესებს

თბილისის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვერსია შეიმუშავა, რომელიც დედაქალაქის მერიას რეგულაციებს უწესებს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე მინდა, მივმართო თბილისელებს და შევახსენო, რომ ქალაქ თბილისის მერიამ საკრებულოში შემოიტანა ოთხი ბიუჯეტი და ოთხივე უვარგისი, რის გამოც ის ჩავარდა. ქალაქ თბილისის საკრებულო ყოველთვის იჩენდა პრინციპულობას და იყო შეუვალი იმ საკითხში, რომ ქალაქს არ შეიძლებოდა ჰქონოდა ისეთი ბიუჯეტი, რომელიც არ იქნებოდა თბილისელების ინტერესზე ორიენტირებული. ჩვენ არ დავუშვით და არ მივიღეთ ისეთი ბიუჯეტი, რომელიც დასახარჯად სჭირდებოდა ბრალდებულ, ყოფილ მერს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი ყოფილიყო გამჭვირვალე, ბუნდოვანებისგან თავისუფალი. ყოველთვის საკრებულო იდგა მყარ პოზიციაზე, მაგრამ სამწუხაროდ, მის მიმართ ხორციელდებოდა არაერთგზის საბოტაჟური ქმედება, შავი პიარ-კამპანია, რომ ჩვენ მიგვეღო ისეთი ბიუჯეტი, როგორიც აწყობდა თბილისის ყოფილ და ბრალდებულ მერს დასახარჯად", - განაცხადა შიხიაშვილმა.

მისი თქმით, ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომელიც თბილისის საკრებულომ შეიმუშავა, შეზღუდავს მერიას, რათა წინაასარჩევნოდ "ხელი არ აფათუროს თბილისელების ბიუჯეტში". ამასთან, შიხიაშვილის თქმით, საკრებულოს მიერ შეთავაზებული წინადადებით, პირველ რიგში, მერის მოვალეობის შემსრულებელი უნდა იყოს კმაყოფილი, ვინაიდან ეს მას დაიცავს კანონდარღვევისა და იმისგან, რომ მომავალში თვითონაც ბრალდებული არ აღმოჩნდეს.

"არაერთი დღის დაუღალავი შრომის შედეგად, თბილისის საკრებულომ შეიმუშავა თავისი ვერსია ბიუჯეტის, სადაც არის გათვალისწინებული რეგულაციები, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევზღუდავთ მერიას, რომელიც გადაქცეულია "ნაციონალური მოძრაობის" ფილიალად", - განაცხადა შიხიაშვილმა.

შიხიაშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტის მე-4 პროექტი, რომელიც თბილისის მერიის მიერ არის წარმოდგენილი, ასევე "განწირულია ჩასაგდებად". იგი იმედოვნებს, რომ დეპუტატები სწორედ საკრებულოს მიერ შემუშავებულ პროექტს დაუჭერენ მხარს.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, პაპუნა პეტრიაშვილი კი აცხადებს, რომ რეგულაციები კანონმდებლობით გაწერილია და თუ საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის ხარჯვის რეგულაციები მოქმედ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, მერია ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს.

"იმედია, დღეს ჩვენ მოგვეცემა საშუალება საკრებულოს დაუღალავი შრომის შედეგად, შიხიაშვილის შედგენილ ბიუჯეტს გავეცნოთ. თუ ეს ბიუჯეტის პროექტი რეალური იქნება, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ", - აღნიშნა პაპუნა პეტრიაშვილმა საკრებულოში დახურული სხდომის დაწყებამდე, რომელზეც შიხიაშვილმა საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი პეტრიაშვილთან ერთად განიხილა. შეხვედრა საკრებულოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე 14:00 საათისთვის არის დაბარებული საკრებულოში, რათა ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტი წარედგინოს.

საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალისთვის არის ჩანიშნული, თუმცა როგორც შიხიაშვილმა აღნიშნა, საკრებულოს შეუძლია სხდომა 11 მარტისთვის გადაწიოს.