ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი მეწარმე დააკავა.
როგორც საგამოძიებო სამსახური იუწყება, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, განახორციელეს ფიქტიური უსაქონლო ოპერაციები, რა დროსაც მათივე შექმნილ ორგანიზაციებში, დამატებითი ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლების მიღების მიზნით დაამზადეს 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 1 225 610 ლარის ზიანი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.