ფოთის ნავთობტერმინალი: ”როსნეფტთან” თანამშრომლობა ქართულ საზოგადოებას სარგებელს მოუტანს

კომპანია Petrocas Energy Group, რომლის შემადგენლობაშიც ფოთის ტერმინალის მფლობელი "ჩენელ ენერჯი" შედის, "როსნეფტის” მიერ ტერმინალით დაინტერესების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც Petrocas Energy Group-ში აცხადებენ, "როსნეფტი" Petrocas Energy Group-ის ერთ-ერთი კომერციული პარტნიორია, შესაბამისად, ამ ორი კომპანიის შეთანხმება სომხეთში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით, ”გასაკვირი არ არის”.

”Petrocas Energy Group-ის მთავარ მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ეფექტური გამოყენება, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ პოლიტიკასთან, მაქსიმალურად გაიზარდოს ტვირთბრუნვა სახელმწიფოს ხელში არსებული რკინიგზის მეშვეობით”, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

მათი მტკიცებით, Petrocas Energy Group-ის "როსნეფტთან" თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მსოფლიო სტანდარტების ნავთობპროდუქტების იმპორტს საქართველოს ბაზარზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზე და ”სარგებელს მოუტანს ქართულ საზოგადოებას”.

”Petrocas Energy Group ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს ღია თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ კომპანიასთან და პოტენციურ პარტნიორთან, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატის შექმნას საქართველოში", - აცხადებენ კომპანიაში.

რუსული კომპანია ”როსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ ლეონტიევმა გუშინ დაადასტურა, რომ კომპანია ფოთის ნავთობტერმინალის შესყიდვაზე მის მფლობელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიის აქტივების 50% უკვე შეისყიდა.

”დიახ, არის ინტერესი, რომელიც უკავშირდება ”როსნეფტის” მიერ გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, საწვავის მთლიან მოცულობას ვაწვდით სომხეთს. ეს დიდი მოცულობაა, რომელიც ფოთის ტერმინალით უნდა გადავტვირთოთ. ეს კომერციული მოლაპარაკებებია და დეტალებს არ გავახმოვანებ”, - განაცხადა ლეონტიევმა.

თუმცა, ”როსნეფტში” იმასაც აღნიშნავენ, რომ პორტში ვითარება ”კრიმინალურ-პოლიტიკური ხასიათის გარემოებებითაა დამძიმებული”, რაც რუსულ კომპანიას აშფოთებს.

”პორტის ნომინალური აქტივების ერთ-ერთი ბენეფიციარი ყოფილი თავდაცვის მინისტრია. ეს არც ისე მარტივია. თუმცა, თუ რუსეთი კარგ პირობებს მიიღებს, შესაძლებელია, კიდეც შედგეს შეთანხმება. პრინციპში, ახლა საქართველოში შემოსვლის სასიცოცხლო აუცილებლობა არ დგას. ქვეყანაში რომ შეხვიდე, მის მთავრობასთან პოზიტიური ურთიერთობა უნდა გქონდეს”, - განაცხადა ლეონტიევმა.

ამასთან, ”როსნეფტმა” ბათუმის ნავთობტერმინალის შესყიდვით დაინტერესება კატეგორიულად უარყო.

”ამის შესახებ არაფერი მსმენია. ეს ჰგავს ვიღაცის მცდელობას, სასურველი რეალობად გაასაღოს”, - განაცხადა ლეონტიევმა.

აღსანიშნავია, რომ ”როსნეფტს” სომხეთის ნავთობპროდუქტების ბაზრის დაკავების (მისი მოცულობა კი წელიწადში 360 ათას ტონას აღწევს) სერიოზული ინტერესი გააჩნია. კომპანიამ სამჯერ, 12 მილიონ ტონამდე, გაზარდა ტუაფსეს ნავთობგადამამუშვებელი ტერმინალის სიმძლავრე, შესაბამისად, საექსპორტო არეალის გაფართოება ესაჭიროება.

გასული წლის დეკემბერში სომხეთს ”როსნეფტის” პრეზიდენტი, იგორ სეჩინი ესტუმრა და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში სეჩინმა სომხეთში მაღალტექნოლოგიური კაუჩუკის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმება გააფორმა, სადაც 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ამავე დროს, სომეხ პარტნიორთან, ”ოილ ტექნოსთან” ერთად, ”როსნეფტმა” ერთობლივი კომპანია ”როსნეფტ სომხეთი” დააფუძნა და მასთან ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე ხელშეკრულებაც გააფორმა. გარდა ამისა, ინტენსიური მოკვლევა დაიწყო მეზობელ ქვეყანაში საწვავის საბითუმო და საცალო ქსელების აქტივების შესყიდვაზე.

სომხეთს ნავთობპროდუქტების ძირითადი ნაწილი აქამდე ფოთის პორტის გავლით თურქული კომპანია OMV-ის რუმინეთში მდებარე ქარხნებიდან მიეწოდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ რუმინეთში რუსული კომპანია ”ლუკოილის” მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოც მდებარეობს, სახელმწიფო კომპანია ”როსნეფტისთვის” წარმოების ერთიანი ჯაჭვი იკვრება. სომხეთისთვის ნავთობის მიწოდების ერთადერთი გზა კი ფოთის ნავთობტერმინალზე გადის - ყარაბაღის კონფლიქტის გამო აზერბაიჯანის ტერიტორიას ”როსნეფტი” ვერ გამოიყენებს.

საჯარო რეესტრის მონაცემემით, ფოთის ნავთობტერმინალის აქციათა 75% გიბრალტარში დარეგისტრირებულ კომპანია ”ჩენელ ენერჯის” ეკუთვნის, 25% კი - ფოთის პორტს. “ჩენელ ენერჯი” თავდაცვის ყოფილ მინისტრის, დავით კეზერაშვილის, სახელს უკავშირდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, კეზერაშვილის აქტივების უმეტესობა, მათ შორის, ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერატორი შპს „ჩენელ ენერჯი“ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა შეიძინა. ” Petrocas Energy Group”სწორედ იაკობაშვილის დაფუძნებულია.