მარტყოფში უცხოელებისათვის თავშესაფრის მშენებლობას ამერიკული მხარე დააფინანსებს

თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის მარტყოფში ახალი ცენტრი აშენდება.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, დევნილთა მინისტრმა, დავით დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე სართულიანი შენობის მშენებლობას ამერიკული მხარე დააფინანსებს და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

"აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულმა ვიზიტმა შედეგი უკვე გამოიღო - სულ მალე დაიწყება თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის ახალი ცენტრის დაპროექტება-დაფინანსება, რომელიც მარტყოფში აშენდება და 80 ადგილზე იქნება გათვლილი. ამის თაობაზე აშშ-ის სარდლობის ევროპის წარმომადგენლობასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და საკითხი დადებითად გადაწყდა, რის შესახებაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გვაცნობა", - განაცხადა დარახველიძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, თავშესაფრის მშენებლობა ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ვალდებულებას წარმოადგენს. ახალი თავშესაფრის სრული კაპიტალიზაცია 2 მილიონ ლარამდე ჯდება და მისი მშენებლობა წელს დაიწყება.