"თიბისი ბანკის" ინტერნეტ და მობაილ ბანკინგით კომუნალური გადახდები უფასოა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მათ ავტომატური გადახდების ფუნქციას მიაბამს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ბანკში განუცხადეს, ავტომატური გადახდების შემთხვევაში მომხმარებელს საკომისიო არ ეკისრება.
„ინტერნეტ და მობაილ ბანკინგში არის ფუნქცია ავტომატური გადახდა, რომელიც მომხმარებელმა უნდა მონიშნოს და მიაბას კომუნალური გადახდები. შედეგად მას ავტომატურად ჩამოეჭრება კომუნალური გადასახადები საკომისიოს გარეშე“, - განმარტეს ბანკში.
ფიქსირებული გადასახადების გადარიცხვის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს გადარიცხვის თანხა. სხვა შემთხვევებში ბანკი თავად „არკვევს“ გადასახდელ თანხას კომუნალური კომპანიების მიერ მიწოდებული ელექტრონული ქვითრების მეშვეობით და თავად აკეთებს ავტომატურად გადარიცხვას.
ავტომატური გადარიცხვების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადახდებისთვის საკმარისი თანხა უნდა ჰქონდეს ანგარიშზე. ამასთან ერთად, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გადარიცხვის შესრულებისთვის საჭირო თანხა ბარათზე ჰქონდეს კომუნალური გადახდის ბოლო დღემდე, ვინაიდან ბანკის მიერ გადარიცხული თანხა პროვაიდერი კომპანიის ბაზაში აისახება მომდევნო დღეს.
„ბანკი არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერი კომპანიის მიერ კლიენტისთვის დაკისრებულ სანქციებზე. თუ ავტომატური გადარიცხვის შესრულების დღე ემთხვევა უქმე დღეს, ბანკის მიერ დავალება შესრულებულ იქნება მომდევნო სამუშაო დღეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.“, - ნათქვამია „თიბის ბანკის“ ინფორმაციაში.
18 აპრილიდან „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე საკომისიოს ტარიფი 0.5 ლარიდან 1 ლარამდე იზრდება.
"ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ 18 აპრილიდან, ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე, რომელთა საკომისიო დღეს 0,5 ლარია, საკომისიო გახდება 1 ლარი. საკომისიოს ცვლილება ეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით. პატივისცემით, თიბისი ბანკი", - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.