დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, რუსეთთან ერთადერთი საავტომობილო მიმოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტია. ამდენად, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო, თუ რა საშუალებები არსებობს ყაზბეგში საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის ეფექტურად გამოვლენისა და ქვეყანაში უსაფრთხო პროდუქციის იმპორტისა და ქვეყნის ტერიტორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან დაცვის მიზნით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მათ შორის, გაეცნო როგორც სატვირთო ავტომანქანების რენტგენო სკანერის, ასევე ბარგის, ხელბარგისა და სხეულის სკანერების მუშაობას.

სამინისტროს ინფორმაციით, „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი უზრუნველყოფილია კინოლოგიური მომსახურებით, მაღალი დონის სტანდარტების სპეციალური ტექნიკური და ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლისთვის აუცილებელი საშუალებებითაა აღჭურვილი. ასევე, აღნიშნულ გამშვებ პუნქტში ფუნქციონირებს რადიაციის დეტექტორები და პეიჯერები, ნარკოდეტექტორი და მეტალოდეტექტორი, სიმკვრივის საზომი და სხვა.

„ყოველწლიურად ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან იზრდება როგორც მგზავრთა რაოდენობა, ისე ტვირთბრუნვა. 2016 წელს ყაზბეგში 2,6 მლნ-ზე მეტი საზღვრის კვეთა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია“, - აცხადებენ სამინისტროში.

პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად ადგილზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ხუნდაძე იმყოფებოდნენ.