უამრავ ქართველს სურს დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში. რას ცვლის მათთვის უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა, რამდენად შესაძლებელია ლეგალურად დასაქმება? ამისთვის რა პირობების დაცვაა აუცილებელი? - ამ საკითხებზე დიასპორული ინვესტიციების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტი, ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ზაალ სარაჯიშვილი გვესაუბრება.
- საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების უფლების მოპოვება როგორ შეუძლია?
- 90 დღის განმავლობაში ის შეძლებს, მოიძიოს მისთვის მისაღები სამუშაო, რა დროსაც პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრების საშუალებაც ექნება. თუ შეთანხმდებიან, გააფორმებენ ხელშეკრულებას და შრომითი ნებართვის ასაღებად ამა თუ იმ სტრუქტურას მიმართავენ... ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქე დატოვებს ევროკავშირის ტერიტორიას და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, რაც შრომითი ნებართვა ექნება მუშაობის დასაწყებად.
- ესე იგი, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება საკმარისი არ არის.
- დიახ, შრომის ნებართვის მისაღებად საჭიროა დამქირავებლისა და დაქირავებულის განცხადებული თანხმობა შესაბამისი სამუშაოს შესრულებასა და სამუშაო პირობებზე, რაც დამქირავებელმა დოკუმენტის სახით უნდა წარადგინოს ნებართვის გამცემ ორგანოში.
- ევროკავშირის ქვეყნებში ფუნქციონირებს საშუამავლო კომპანიები ან საადვოკატო ბიუროები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს შრომითი ნებართვის აღებაში დაეხმარებიან?
- დამქირავებელთან ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებს პირადადაც იოლად შეუძლიათ. დღეისათვის ტექნოლოგიები კარგად არის განვითარებული, ინტერნეტითაც შესაძლებელია დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება, შემდეგ ევროპაში უვიზოდ ჩასვლა და სამუშაო პირობების უკეთ გაცნობა. ეს საქართველოს მოქალაქეს გაუგებრობას თავიდან აარიდებს.
- აუცილებელია, შრომითი უფლების მოსაპოვებლად შესაბამის უწყებას დაქირავებულმაც და დამქირავებელმაც ერთად მიმართონ?
- მთავარია, დამქირავებელმა კომპანიამ, სამეწარმეო სუბიექტმა ან ფიზიკურმა პირმა მოამზადოს ის დოკუმენტაცია, რაც არის ამა თუ იმ ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განსაზღვრული. მაგალითად, შესაძლოა, ოჯახს სჭირდება ძიძა, მოხუცის მომვლელი და ა.შ., მაშინ მან უნდა მიმართოს შესაბამის სტრუქტურას, რომ სურს, დაიქირაოს ესა თუ ის მუშაკი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ისეთი დოკუმენტების წარდგენა, როგორიცაა საქართველოს მოქალაქესთან გაფორმებული ხელშეკრულება, დაქირავებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამუშაო გამოცდილების და განათლების შესახებ ინფორმაცია. ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს დაქირავებულის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც და ზოგჯერ დამატებითი შემოსავლების ჩვენებასაც კი.
- დავაზუსტოთ, რომელ ქვეყნებში რომელი უწყებები გასცემენ შრომით ნებართვებს?
- ზოგიერთ ქვეყანაში შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემს, ზოგან თვითმმართველობის ორგანოები ან სხვა სპეციალური შრომითი ინსპექციები (მაგალითად, საბერძნეთში თვითმმართველობის ორგანოები გასცემენ, ესპანეთში კი შრომითი ინსპექციები).
ასე რომ, მართალია, ვიზალიბერალიზაციით პირი შრომით უფლებას ვერ მოიპოვებს, მაგრამ ეს გარემოება გარკვეულ ჩარჩოებში სვამს შრომით მიგრაციას. იმედი მაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს თანამემამულეების ლეგალურად დასაქმებას. ხელშეკრულებების ოფიციალურად დარეგისტრირებით საქართველოს მოქალაქეების დასაცავად სამართლებრივი და სოციალური მექანიზმებიც ამოქმედდება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხებიც მოგვარდება. შემცირდება საქართველოს მოქალაქეების იძულებით შრომაში ჩართულობაც.
- თუმცა შრომითი მიგრაციის მიმართ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. თქვენი აზრით, სად უფრო იოლი იქნება ქართველების დასაქმება?
- როგორც დავაკვირდი, საკმაოდ ხშირად სამხრეთ ევროპის ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, იტალია - არალეგალებთან უფრო ლოიალური არიან. თუკი მათ მხოლოდ სავიზო რეჟიმი აქვთ დარღვეული და კრიმინალური ქმედება არა აქვთ ჩადენილი, ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევენ. ვფიქრობ, ზემოთ დასახელებულ ქვეყნებში ქართველების დასაქმება გაიოლდება. რასაკვირველია, ყველა ქვეყანა ცდილობს დაიცვას შრომითი ბაზარი, მაგრამ არის მომენტები, როცა დამატებით მუშახელზე ჩნდება მოთხოვნა. მაგალითად, ერთხანს ესპანეთსა და საბერძნეთში სამშენებლო ბუმი იყო და მუშახელზე დიდი მოთხოვნის გამო არალეგალური სტატუსის მქონეები ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას იოლად იღებდნენ. როგორც ვიცი, საბერძნეთი აპრილის მიწურულიდან იწყებს პროცედურების გამარტივებას იმ მუშაკებისთვის, რომლებიც არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებიან და არ ჩაუდენიათ დანაშაული. სავარაუდოდ, გაზაფხულზე მათთვის ამნისტიის პერიოდი გამოცხადდება.
იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 10 აპრილის ნომერში