”ფლაი დუბაი”: საქართველოთი დუბაიდან და კუვეიტიდან სულ უფრო მეტი ტურისტი ინტერესდება

ავიაკომპანია ”ფლაი დუბაის” მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა, კავკასიის მიმართულებით 2013 წელს 24 %- ით გაიზარდა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლობაში bpn.ge-ს განუცხადეს, საქართველოში ტურისტების მატება, ძირითადად, აზიიდან, კერძოდ კი დუბაიდან და კუვეიტიდან შეინიშნება.

”განსაკუთრებით ასეთი აქტივობა მაშინ შეიმჩნევა, როდესაც აზიაში ტემპერატურა მატულობს. დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიელ დამსვენებლებში სამთო-სათხილამურო კურორტები”, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

რაც შეეხება ქართველ მგზავრებს, ისინი ძირითადად, შრილანკის, მალდივებისა და ნეპალის მიმართულებით დაფრინავენ. შესაბამისად, კომპანიამ რეისების რაოდენობა გააორმაგა და კვირაში 4 -ს მიაღწია. flydubai მიმდინარე წელს ბიზნეს-კლასის მომსახურების გეოგრაფიულ არეალსაც გააფართოებს. მათ შორისაა, თბილისი.

ზოგადად, კომპანიის მგზავრთა გადაყვანა 2013 წელს 38%-ით გაიზარდა და 7 მილიონს მიაღწია, სუფთა მოგებამ კი 61 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოსთან ერთად მოთხოვნა გაიზარდა: აფრიკის მიმართულებით (17%-ით), ცენტრალურ აზიაში (55 %-ით), ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (37%-ით) და სუბკონტინენტზე (41%-ით).