აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელის საზღვარზე შემოწმება იქნება გართულებული, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ გამოიყენებენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა განუცხადა.
მისივე თქმით, თითოეული მოქალაქე ვალდებულია ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას. ასევე, მან ისაუბრა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგულაციაზეც, რომელიც 17 აპრილს ამოქმედდება და რომელიც თავშესაფრის მაძიებლებს ეხება.
”2016 წელს საქართველოდან ისრაელში ჩავიდა 13 188 ტურისტი, მათ შორის 3 700-მა მოითხოვა თავშესაფარი. თავშესაფარი უფლებას აძლევდა მოქალაქეებს, რომ სამი წლის განმავლობაში ემუშავათ ისრაელის სახელმწიფოში. ჩვენ ვართ დაძმობილებული სახელმწიფოები, 2600-წლიანი ისტორიაა ებრაელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის და ყველას ვთხოვ, რომ ამ ურთიერთობას ხელი შეუწყოს. საქართველო გამოცხადდა უსაფრთხო ქვეყნად ისრაელის სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, არანაირი წინაპირობა არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის. შესაბამისად, ვინც თავშესაფარს მოითხოვს, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება”, - განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, 10 მაისს გაიმართება ორი ქვეყნის საკონსულო სამსახურებს შორის მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.