თავდაცვის სამინისტრო - „დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილის აღდგენა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ”დელტას” ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაბრუნდა, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღდგენილია.

”თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ის ითხოვდა თანამდებობაზე აღდგენას. საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ვალდებულებად, რომ აღადგინოს თანამდებობაზე”, - აცხადებენ სამინისტროში.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის 18 მაისს, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში იმ პერიოდში აცხადებდენ, გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.