საკრებულომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების კომპენსაციისთვის 1 100 000 ლარის გამოყო

თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის 1 100 000 ლარი გამოიყოფა , - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებას სხდომაზე დამსწრე 42 დეპუტატიდან მხარი 34-მა დაუჭირა, დანარჩენმა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა.

„მერის სარეზერვო ფონდში საკმარისი თანხა არ იყო, რის გამოც საბიუჯეტო ცვლილების განხორციელება გახდა საჭირო. მერის სარეზერვო ფონდს 1 მილიონი ლარი დაემატა და უკვე ამ კვირაში ხანძრით დაზარალებულებისთვის ერთჯერადი დახმარება გაიცემა“, - განაცხადა სხდომის შემდეგ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ.

მისივე თქმით, 350-მდე მოქალაქე 3 000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

„ეს არ იყო იოლი პროცესი, თუმცა საბოლოოდ შევჯერდით. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც თბილისის მუნიციპალიტეტს დაზარალებულებისთვის შეეძლო“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

ამასთან, თბილისის ბიუჯეტში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილებით, 3,8 მილიონი ლარი გამოიყოფა კახეთის გზატკეცილზე, ლოჭინის ხიდამდე გზის საფარის შესაცვლელად, ასევე 19 000 ლარი გამოიყოფა ნაძალადევის გამგეობაში მოქალაქეებისთვის მომსახურების სერვისების გასაუმჯობესებლად.