სუს-ში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ, მოქალაქისთვის თაღლითურად თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაია ბ. დააკავეს.

როგორც სუს-ი იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ მაია ბ. საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 7000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან, განუმარტა, რომ სამსახურში მოწყობამდე საჭირო იყო აღნიშნული თანხის ნახევრის - 3 500 აშშ დოლარის წინასწარ გადახდა.

მაია ბ-მ ხსენებულ მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.