ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა 2017 წლის ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქი უკვე მეოთხე წელია, სინგაპური სახელდება, რომელსაც მოსდევს ჰონგ-კონგი და ციურიხი.
ყველაზე იაფ ქალაქებს შორის პირველ ადგილზეა ქალაქი ალმა-ათა, რომელსაც მოსდევს ლაგოსი (ნიგერია), ბენგალურუ (ინდოეთი) და კარაჩი (პაკისტანი).
კვლევა მსოფლიოს 133 ქალაქში პროდუქტების ფასების და მომსახურების შედარებას დაეფუძნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დედაქალაქი ამ რეიტინგში არ ფიგურირებს, თუმცა მოგზაურობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, თბილისი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ძვირ ქალაქად სახელდება.
რამდენად ძვირი ქალაქია თბილისი? - ამ შეკითხვაზე თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ გვიპასუხა.
„ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით თბილისი მართლაც ძვირი ქალაქია, თუმცა ზოგიერთი სფერო აქ საკმაოდ იაფია. მაგალითად: სურსათის ფასებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო საკმაოდ ძვირი ქვეყანაა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თუ შევადარებთ - ბალტიისპირეთს, პოლონეთს, ან გერმანიას, იქ ბევრი პროდუქტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში, მაგრამ თუ ავიღებთ გართობის ინდუსტრიას - სასტუმროებს, რესტორნებს და კაფე-ბარებს, ამ სფეროში საქართველო შედარებით კონკურენტუნარიანია. სერვისის დონით კი, ძალიან მოვიკოჭლებთ, რადგან მომსახურება, რომელსაც ტურისტებს ვაწვდით, ძვირია. თბილისში ასევე ძვირია ბინის დაქირავება და ყიდვა-გაყიდვაც, ამიტომ, ის ამ სეგმენტის მხრივაც ძვირი ქალაქია. სხვათა შორის, ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში ბინის დაქირავება და შეძენა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აქ“, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.
მისი შეფასებით, ჩვენი დედაქალაქი უფრო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების დონეზეა, ყველაზე მეტად კი, კავკასიის ქალაქებს უახლოვდება.
„რა თქმა უნდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებს შორისაც არის განსხვავება, მაგრამ კავკასიის რეგიონში დაახლოებით ერთგვარი სიტუაციაა. მაგალითად: ტურისტებს მეზობელ სომხეთში დასვენება უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე ჩვენთან. ერევანი შედარებით იაფი ქალაქია ტურისტებისთვის, ხოლო ბაქო - უფრო ძვირი, მაგრამ მიუხედავად მცირეოდენი განსხვავებისა, ჩვენი რეგიონის ქალაქები ამ მხრივ მაინც ერთ დონეზეა“, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძეც ეთანხმება, რომ თბილისი ფასებით და ცხოვრების დონით მეზობელი ქვეყნების ქალაქებს უახლოვდება.
„რამდენად ძვირი ქალაქია თბილისი? - ეს საკითხი ორ ასპექტში უნდა განვიხილოთ: ერთი - რა ღირს თბილისში ცხოვრება მუდმივ მცხოვრებთათვის და მეორე - რამდენად ძვირი, ან იაფია ეს ქალაქი სტუმრებისთვის - ტურისტებისთვის თუ საქმიანი წრეების წარმომადგენლებისთვის. ჩვენი დედაქალაქისთვის ისიც დამახასაითებელია, რომ აქ ფასები რეგიონებთან შედარებით 10-15%-ით მაღალია. თბილისში რამდენჯერმე ძვირია უძრავი ქონებაც. ეს განსხვავება არა მხოლოდ თბილისსა და რეგიონებს შორის, არამედ დედაქალაქის უბნებს შორისაც შეინიშნება“, - ამბობს სოსო არჩვაძე.
მისი თქმით, ტურისტების მდგომარეობას ის ამსუბუქებს, რომ აქ ფასები დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით დაბალია.
„ნიუ-იორკთან შედარებით ჩვენთან სამომხმარებლო ფასების დონე საშუალოდ 2,5-ჯერ დაბალია, მაგრამ ფასების და შემოსავლების თანაფარდობა რომ განვიხილოთ, ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა 4-ჯერ ნაკლებია აშშ-ის მოქალაქეებთან შედარებით. რაც შეეხება ევროკავშირს, იქ ზოგიერთ ქვეყანაში ფასები 10-12%-ით აჭარბებს აშშ-ის ფასებს, თუმცა ცხოვრების დონეზე მხოლოდ ფასებით ვერ ვიმსჯელებთ. მაგალითად: ტოკიოში 600 ათასი მილიონერი ცხოვრობს, მაგრამ ტოკიოს ფასები 3,5-ჯერ აღემატება ჩვენს ფასებს. მიუხედავად სიძვირისა, იქ ცხოვრების დონე ძალიან მაღალია“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფასებითა და ცხოვრების დონით თბილისი ჩვენი რეგიონის ქალაქებს უახლოვდება.
„ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თბილისი ფასების მიხედვითა და ცხოვრების დონით კავკასიის ქალაქების დონეზეა. თბილისს ჩვენი რეგიონის ქალაქებთან კიდევ ერთი რამ აერთიანებს: პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელია დედაქალაქების ჰიპერტროფული როლი ქვეყნის ცხოვრებაში. მაგალითად: აზერბაიჯანის სამრეწველო პოტენციალის თითქმის 70% ბაქოზე მოდის, ხოლო თბილისზე - ჩვენი ქვეყნის პოტენციალის 52%. ამავე დროს, თბილისი საქართველოში ყველაზე ძვირი ქალაქია. იგივე შეიძლება ითქვას პოსტსაბჭოთა ქვეყნების დედაქალაქებზე, მათ შორის, ბაქოსა და ერევანზეც“, - ამბობს სოსო არჩვაძე.
ხათუნა ჩიგოგიძე