გიორგი ქადაგიძე - თუ საგარეო ფაქტორებს გამოვრიცხავთ, ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდა სავსებით შესაძლებელია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, მთავრობის პროგნოზი, რომ ეკონომიკური ზრდა წელს 5%-ს მიაღწევს, რეალისტურია.

”რა თქმა უნდა, არის რისკები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება გეოპოლიტიკურ მდგომარეობას - თითქმის, ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, განსაკუთრებით უკრაინაში, მიმდინარე მოვლენებს. ამან, რა თქმა უნდა, რაღაც ტიპის გავლენა შეიძლება იქონიოს ქართულ ეკონომიკაზე. თუ გამოვრიცხავთ საგარეო ფაქტორებს, წმინდა ეკონომიკური პროგნოზის თვალსაზრისით, 5 პროცენტიანი ზრდის მიღწევა სავსებით შესაძლებელია", - განაცხადა ქადაგიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად იქონია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა აღნიშნული ქვეყნიდან შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობაზე გავლენა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით, შესაბამისი ინფორმაცია არ აქვთ.

"რა თქმა უნდა, ვაკეთებთ შეფასებას, რა შედეგი შეიძლება იქ მიმდინარე მოვლენებმა მოახდინოს ქართულ ეკონომიკაზე, თუმცა ეს მონაცემები გვექნება პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით სწორედ ამის მერე შევძლებთ გავაკეთოთ კომენტარი", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ დამაიმედებელი პროგნოზი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმაც გააკეთა.

მისი თქმით, 2013 წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად, წინა წლის ოქტომბრიდან ტენდენცია შეიცვალა და ეკონომიკური ზრდა ოქტომბერში - 4.4%, ნოემბერში - 8.0%, ხოლო დეკემბერში - 8.8% იყო. მინისტრის განცხადებით, გასული წლის ბოლო კვარტლის ზრდის ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წლის დასაწყისიდანაც და იანვარში ეკონომიკური ზრდა 7.8% იყო.

მინისტრის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა და 761 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტი გაიზარდა 14%-ით (224 მლნ აშშ დოლარი) და იმპორტი - 15%-ით (538 აშშ დოლარი).

ასევე, მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის იანვარში, 2013 წლის იანვართან შედარებით, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და 3.567 მლრდ ლარი შეადგინა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ზრდის ტემპის ასეთი გამოცოცხლების ფონზე, 2014 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა არათუ რეალისტურია, არამედ, შესაძლოა, გადააჭარბოს კიდეც.