საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებისთვის, იერუსალიმის ძველ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში, ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.
როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრებულია ისრაელის საზღვრის კვეთის პროცედურები და შესაბამისად, გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები. 2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. საგარეო უწყება მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, აფრთილებს, რომ მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდირებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან. ის პირები კი, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას მათი ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით.
„მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.