საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში ჩასვლის მსურველებს გამკაცრებული რეგულაციების შესახებ აფრთხილებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ უფლება, გადაკვეთონ ისრაელის სახელმწიფოს საზღვრი და უწევთ სამშობლოში უკან დაბრუნება. შექმნილი ვითარება კი განპირობებულია იმით, რომ უმეტეს შემთხვევაში დასტურდება ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების არამიზნობრივი მგზავრობის ფაქტები, კერძოდ, ჩვენი მოქალაქეების ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად დარჩენისა და მუშაობის მიზნით გამგზავრების კუთხით.
ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს როგორც „უსაფრთხო ქვეყნის“ აღიარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია. ხსენებული რეგულაციის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, განხილულ იქნება დაჩქარებული წესით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის მიღების შემდგომ მიღებული შეტყობინების მიუხედავად, რომ 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია, არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში.
„უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელური მხარე საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირებას, როგორც საზღვარზე, ისე ქვეყნის შიგნით ახდენს ბიომეტრული მონაცემებითა და პირადი ნომრის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცვლილი დემოგრაფიული მონაცემებით ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალური მიზნებით შეღწევის მცდელობას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამკაცრებულია საზღვრის კვეთის პროცედურები და შესაბამისად, გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, თან უნდა იქონიონ: მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები (მოწვევა ან იმ პირის ბინადრობის ნებართვის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით, სასტუმროს ჯავშანი ან იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ იცხოვრებთ თქვენს მეგობართან ან ახლობელთან, იმ სამედიცინო დაწესებულების დასტური, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას, სამოგზაურო ან სამედიცინო დაზღვევა და სხვა); მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკები ან მოქმედი საბანკო ბარათები და ა.შ.); სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით (ავიაბილეთი, ქვეყნის შიგნით ავტობუსის ან მგზავრობის სხვა საშუალების ბილეთი და ა.შ.); საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს შესვლიდან სულ მცირე 6 თვეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს იმ ზომების შესახებაც აფრთხილებს, რომელთა მიღება ისრაელის სამართალდამცველი სტრუქტურების მიმართ „თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხებამაც“ შეიძლება გამოიწვიოს.
„2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას დაესწრება ათასობით მომლოცველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები. ყოველ წელს ისრაელის პოლიცია, ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს, უსაფრთხოების მიზნით იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქისათვის, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდირებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან. ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას მათი ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება. გასათვალისწინებელია, ასევე, ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალა. აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება. მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.
„გასათვალისწინებელია, დღესასწაულებისა და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში საზღვრის კვეთის პროცედურებისა და უსაფრთხოების კონტროლი გავლისას დაგჭირდებათ ჩვეულებრივზე მეტი დრო. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს, შესაბამისად, გამგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდებზე“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.