გიორგი ქადაგიძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის წინააღმდეგია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის წინააღმდეგია.

როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ეს ცვლილება არასასურველი შედეგის მომტანი იქნება, რაშიც კანონპროექტის ავტორებს დარწმუნებას შეეცდება.

"ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას არ მივიჩნევ სწორ გადაწყვეტილებად და ამ ცვლილების წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, ეს არ იქნება იმ შედეგების მომტანი, რომელიც დაეხმარება,ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას და, სახელდობრ, საბანკო სექტორს. თუმცა, საჯარო განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან იმედს გამოვთქვამ, შევძლებ კანონპროექტის ავტორებისა და პარლამენტის წევრების დარწმუნებას იმაში, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იქნება ზიანის მომტანი", - აღნიშნა ქადაგიძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყოფა და ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.