პროფკავშირები - თანამშრომლები „ფრესკოში“ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შემთხვევებზე ყვებიან

თანამშრომლები „ფრესკოში“ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შემთხვევებზე საუბრობენ , - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლები ნანუჩი მდივანი და მარიამ ლახშია ესწრებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირებიდან აცნობეს, ირაკლი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა, „ფრესკოს“ ფილიალების გასახდელებში დამონტაჟებულ კამერებზე.

„საპროტესტო ტალღა კომპანია „ფრესკოს“ თებერვლის დასაწყისში აგორდა. მაშინ ქსელური მარკეტი 80-მდე თანამშრომელმა გაუსაძლისი პირობების და ადმინისტრაციის არასათანადო და უსამართლო მოპყრობის გამო დატოვა და არსებულ მძიმე და ღირსების შემლახველ ვითარებაზე ღიად ალაპარაკდა. თებერვალში ადმინისტრაციამ ყველა ფილიალის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ხელფასის 20-დან 50%-მდე ჩამოაჭრა და აღნიშნული ქმედება იმით ახსნა, რომ ქსელში პროდუქტის დანაკლისი დაფიქსირდა.

„ფრესკოს“ უკვე ყოფილმა და ჯერ ისევ მოქმედმა თანამშრომლებმა დახმარებისთვის პროფკავშირების გაერთიანებას მიმართეს. გაერთიანებამ საქმეზე დეტალური მოკვლევა დაიწყო, რა დროსაც ადამიანის უფლებების შელახვის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.

მათ შორის ფარული მიყურადების და თვალთვალის შემთხვევები. თანამშრომლები ყვებიან, რომ „ფრესკოს“ მარკეტების გასახდელების დიდ ნაწილში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, (რაც მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის უგულებელყოფაა) ეს მაშინ როდესაც თანამშრომლებს ავალდებულებენ სამსახურში შესვლისას ტანსაცმელი გამოიცვალონ და უნიფორმა ჩაიცვან, აღნიშნული კი ადმინისტრაციის მხრიდან ორი რამით არის ახსნილი - პირველი, კამერაში ფიქსირდება ხომ არ იპარავს თანამშრომელი პროდუქტს და მეორე, მას უნდა ეცვას უნიფორმა.

აქვე იკვეთება, რომ სუპერმარკეტების ქსელის გასახდელების უმეტეს ნაწილში კამერა არის მხოლოდ ქალების განყოფილებაში, რაც იმთავითვე აჩენს პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის ეჭვს, რომელიც შესაძლოა, ატარებდეს სექსუალური შევიწროების ხასიათს.

წვდომა ვიდეო მასალაზე აქვს ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს, (მამაკაცებს და ქალებს) ასევე აღსანიშნავია, რომ დაცვისთვის განკუთვნილ ოთხში, სადაც ხდება კამერების მუდმივი მონიტორინგი, ხშირად შედიან მამაკაცები. თანამშრომელ ქალებს არაერთხელ გაუგიათ საგანგებოდ დაკეტილი დაცვის ოთახიდან სიცილის ხმები, მაშინ როდესაც გასახდელებით გოგონები სარგებლობდნენ. გასახდელების თვალთვალის და ვიდეო კადრების ხელმისაწვდომობას ადასტურებენ „ფრესკოს“ დაცვის ყოფილი თანამშრომლებიც. ერთ-ერთი მათგანი სექსუალური ხასიათის შევიწროების ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას.

თანამშრომელი გოგონები ყვებიან, რომ ყველაზე ხშირად ამ ოთახში ორი მამაკაცი დაცვის უფროსი დავით ბულია და მისი მოადგილე ალექსანდრე ქაჩიბაია შედიოდნენ, რომლებიც პირად საუბრებში უდასტურებდნენ თანამშრომლებს, რომ მაღაზიების ფილიალების ყველა დარბაზის და ასევე გასახდელების მონიტორინგი დაცვის ხელმძღვანელების ადგილზე არყოფნის დროს - საცხოვრებელი ბინებიდანაც ხდებოდა.

არსებული ინფორმაცია მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და ასევე საქართველოს პროკურატურას მიეწოდება“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.