მერიამ და საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე შეთანხმებას მიაღწიეს

დედაქალაქის ბიუჯეტის ძირითად ნაწილზე შეთანხმება მიღწეულია.

მოლაპარაკებები თბილისის საკრებულოში მერიის წარმომადგენლებთან წუხელ, 02.00 საათამდე გაგრძელდა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, ერთადერთი საკითხი, რომელიც შესათანხმებელი რჩება, ფინანსური დოკუმენტის პროექტის რეგულაციების ნაწილია.

"შეურაცხმყოფელი პიარი საკრებულოს მიმართ მუდმივად გრძელდებოდა მათგან, მაგრამ ჩვენ ამით არ ვხელმძღვანელობთ და ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც გვევალება. შევქმენით ბიუჯეტის ახალი ვერსია და ბიუჯეტის ახალი რეგულაციები. მერია ვალდებულია შეასრულოს ის სიტყვა, რომელიც თქვეს თბილისელების წინაშე. უაპელაციოდ უნდა მიიღონ ჩვენ მიერ შეთავაზებული ვარიანტი და ის რეგულაციებიც, რომელიც ბიუჯეტში ჩავდეთ", - აღნიშნა შიხიაშვილმა.

თბილისის მერის მოადგილის, პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, შეთანხმება კომპრომისების შედეგად მოხდა.

"ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს რეგულაციები მოვაქციოთ არსებულ საკანონმდებლო ბაზაში. იყო კომპრომისები ორივე მხრიდან. ეს იყო საკმაოდ რთული შეხვედრა და საბოლოო ჯამში, კომპრომისებით მივაღწიეთ იმას, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი შეთანხმებული გვაქვს ერთმანეთთან", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ამასთან, კონსულტაციები საკრებულოში დღეს დილიდანაც გაგრძელდება. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ დღეს, 18:00 საათზე, საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტი დამტკიცდება.